19 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
საათობრივი და ზონალური პარკირება დედაქალაქში - ოპოზიცია ფასის ზრდაზე საუბრობს

„დღეს, როცა თქვენ კონკრეტული თანხა გაქვთ გადახდილი იმისთვის, რომ რა საპარკინგე ადგილებიც არის დედაქალაქში, ის გამოიყენოთ. ხვალ მოგიწევთ იმავე სერვისის ყიდვა ორჯერ მეტი თანხით,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ის თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში შესულ საპარკინგე მუხლთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებით იმავე მომსახურებაში მოსახლეობას ორმაგი თანხის გადახდა მოუწევს.

„მათ თქვეს, რომ ჩვენ ახალ საპარკინგე ადგილებს კი არ შევქნითო, ჩვენ ახლა ავტომობილებს თუ ცუდად დააყენებთ, წავიყვანთ საჯარიმოზეო, უბრალოდ ამას გაგიძვირებთო და ახლა თუ იხდიდით X თანხას, ამის შემდეგ გადაიხდითო 2X და ამით ფული, რომ აღარ გაქვთ, თქვენ გაჭირვებულებო, ვეღარ დააყენებთ ამ ავტომობილებს, შესაბამისად, დარჩებით სახლში ან შემდეგ გადაადგილდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტითო," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის გენერალურ გეგმაში ცალკე მუხლია პარკირების შესახებ, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ შემოიღებენ ზონალურ პარკირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესდება საათობრივი ანაზღაურება პარკირებაზე.

ასევე, ცენტრალურ უბნებში გადასახადი პარკირებაზე იქნება გაცილებით უფრო ძვირი. ეს კი ოპოზიციის წევრების განცხადებით, გამოიწვევს არა პარკინგის ზოგადად მოგვარებას, არამედ უბრალოდ ფასის გაზრდას.

თბილისის ახალი გენერალური გეგმა 2019 წლიდან ამოქმედდება.

დღის ამბები