ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტი საბანკო სექტორი გახდა.
საქართველოში მოქმედი ორი მთავარი ბანკი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მოსახლეობის გაღარიბებაში, ყოფილი პრემიერი კი ამ ბანკების ლობირებაში დაადანაშაულა.
მისივე თქმით, კვირიკაშვილმა და ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მას სავალუტო ფონდის კვლევის შედეგები დაუმალეს.
ივანიშვილის ამ განცხადებას სახიფათოს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობა.“ რომან გოცირიძის თქმით, ყოფილ პრემიერს ამ სფეროში საკუთარი ინტერესების გააჩნია.
"მისი განცხადება ბანკებთან დაკავშირებით არის ძალიან სახიფათო, ძალიან მავნე და ამან შეიძლება მთლიანად მოშალოს ქვეყნის ეკონომიკა. ცეცხლს ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი. თუ მას უნდა "ქართუ" და "ლიბერთი ბანკები" გააერთიანოს და მოუგოს "თიბისი ბანკს” და „საქართველოს ბანკს,“ მაშინ გავიდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჰქონდეს ისეთივე ხარისხი, როგორიც ამ ორ ბანკს აქვს,”-აცხადებს გოცირიძე.
„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ წლებია ქვეყანაში სიღარიბე იზრდება, რაც ცხოვრების გაძვირებამ გამოიწვია.
„ცხოვრების გაძვირება გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის მიერ არასწორმა პოლიტიკამ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამიტომ ის რომ ხალხს უჭირს დღეს ბანკის სესხების გასტუმრება პირდაპირ არის კავშირში, რომ ამ ხალხმა ვეღარ იყიდა გაძვირებული სურსათი გაძვირებული მედიკამენტი, გაუჭირდა ბანკის გადახდა მაშინ როცა შემოსავლები არ გაიზარდა, სამუშაო ადგილები არ იქმნება, ხალხი ან უმუშევარია ან არ აქვს საკმარისი შემოსავალი“ აცხადებს ჭიაბერაშვილი.