საქართველოდან საბერძნეთში გადასახლებული მოქალაქეები საქართველოში მემკვიდრეობის დაკანონების უფლებას ითხოვენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განმწესრიგებელ სხდომაზე დღეს იმსჯელებს, მიიღებს თუ არა წარმოებაში ორი ბერძენი მოქალაქის, პროკოპი სავვიდისა და დიანა შამანიდის, სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ.
საბერძნეთის მოქალაქეები იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ, რომლის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმია გამოცხადებული.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების უფლება.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შეზღუდვის ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების სარჩელების საფუძველზე არაკონსტიტუციურად ორჯერ ცნო.
მოსარჩელეების შეფასებით, 2017 წელს პარლამენტმა, უკვე ძალადაკარგული ნორმების იდენტური შინაარსის კანონი მიიღო, ამიტომ ისინი შუამდგომლობენ, რომ ნორმა საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოცხადდეს ძალადაკარგულად.