22 დეკემბერი 2024,   20:47
ვრცლად
სიურპრიზად მედიის საშუალებით შევიტყვე ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ - წულუკიანი

საქართველოს მთავრობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომას ეხმაურებიან. მინისტრები დარწმუნებულები არიან, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა რეალურად ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და არა რაიმე შიდა დაპირისპირებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ნინო გვენეტაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და მედიიდან შეიტყო მისი გადადგომის შესახებ.

„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არ მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად მედიის საშუალებით შევიტყვე ეს გადაწყვეტილება და აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რომ რა ტიპის პრობლემები აქვს მას, როგორც მან განაცხადა ღიად ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ეჭვი არ ეპარება, რომ ნინო გვენეტაძის გადადგომა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

„რახან მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, მე არანაირი არგუმენტი არ მაქვს, რომ არ დავიჯერო, მითუმეტეს, ექიმის პოზიციიდან, რომ ეს მართლაც ასეა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ერთ-ერთ ვარიანტად ირინა იმერლიშვილი სახელდება, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტმა წარადგინოს. ის ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოშია.

დღის ამბები