22 დეკემბერი 2024,   15:14
ვრცლად
ოპოზიცია ნინო გვენეტაძის გადადგომას კლანურ მმართველობას უკავშირებს

ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომას იუსტიციის საბჭოში კლანურ მმართველობას და დაპირისპირებას უკავშირებენ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის ყოფნის პერიოდში სასამართლო სისტემა წინ არ წასულა.

„უფრო მეტად სასამართლო სისტემა ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას დაამახსოვრდა თავისუფალ მედიაზე შეტევით, "რუსთავი 2"-ზე შეტევით, სხვადასხვა კორუფციულ სკანდალებზე და იმ კლანურ მმართველობაზე, რომელიც უკავშირდებოდა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, რომელიც აბსოლუტურად სუბიექტური პრინციპებით ხდებოდა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძის თქმით, პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია, რადგან მას უნდა წარადგინოს კვალიფიციური კადრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, რომელიც არსებულ მდგომარებას გამოასწორებს.

კლანებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია საუბრობს.

„იქ იცით, რომ არის ბატონი მურუსიძე, ბატონი ჩინჩალაძე, არის კლანებს შორის დაპირისპირება და ის კლანი, რომელიც არის მიღებული ბატონი ივანიშვილის კარზე, არის უფრო სანდო ბატონი ივანიშვილისთვის და აქედან გამომდინარე, მიიღო ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ უფრო სწორად ბატონმა ივანიშვილმა. ეს არის და ეს, ძალიან ტრივიალური მიზეზია, თუ რატომ გაუშვეს ქალბატონი სახლში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

დღის ამბები