19 დეკემბერი 2024,   02:38
ვრცლად
პირდაპირ უთხრეს, რომ მაჩალიკაშვილი არის ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი - ელისო კილაძე სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის მიზეზებზე საუბრობს

„ქვეყანა სუს-მა გახვია სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში,“ - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორმა, ელისო კილაძემ, სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.

თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მამები ევროპელ ადამიანის უფლებათა დამცველებს მათი შვილების მკვლელობის შესახებ და ამ გამოუძიებელ საქმეებზე ინფორმაციას ვეღარ მიაწვდიან. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგში დღეს ღამით მიფრინავდნენ, თუმცა, მოულოდნელად გაარკვიეს, რომ თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ოთხკაციან ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.

ელისო კილაძე ამ შეხვედრის ჩაშლაში სუს-ს ადანაშაულებს.

კილაძის თქმით, დაგეგმილი იყო შეხვედრები უფლებადამცველებთან, ჟენევის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებთან.

„მამებს უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია ევროპელი უფლებადამცველებისთვის იმ გახმაურებულ საქმეებზე, არა მხოლოდ ამ ორ გახმაურებულ საქმეზე, არამედ ზოგადად, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში გამოუძიებელ საქმეებზე,“ - განაცხადა კილაძემ.

ვიზიტის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის, რომლის ხელმძღვანელიც პაატა აბჟანდაძეა.

კილაძის თქმით, აბჟანდაძე დღეს ჩავიდა მიუნხენში, სადაც ის საზღვრზე შეაჩერეს და უთხრეს, რომ იმ ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში შეჰყავდა, იმყოფებოდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ძებნილი პირები.

„მას დაუსვეს კითხვები, რა შეხება აქვს ისლამთან, იცნობს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს და იცის თუ არა, რომ ერთ-ერთი პირი ჩვენს შორის და სავარაუდოდ, პირდაპირ უთხრეს მას გვარი, მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი და ფაქტობრივად, ჩვენ ბრალი დაგვდეს ის, რომ ეს ეჭვმიტანილი პირი შეგვყავდა გერმანიის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა კილაძემ.

დღის ამბები