13 ნოემბერი 2018,   07:39
ვრცლად
სავარაუდო კორუფციის ფაქტები რუსეთის ინტერესების სექციაში - ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთი საგარეო უწყების კომენტარი ვითარებას ობიექტურად არ ასახავს 

„რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი, ჩვენი აზრით, ობიექტურად ვერ ასახავს აღნიშნულ ვითარებას,“  -ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესთა სექციაში არსებულ ვითარებას ეხება.

საქმე ეხება ვიზის სანაცვლოდ კონკრეტული თანხის შესაძლო მოთხოვნა - გადახდას. 

ზურაბ აბაშიძე საკონსულოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთი 17 აგვისტოს ვიზების მომსახურების ახალი ცენტრის გახსნას გეგმავს.

„რუსეთის საგარეო უწყების ეს კომენტარი, ჩვენი აზრით, ობიექტურად ვერ ასახავს აღნიშნულ ვითარებას. საკონსულო მომსახურების კუთხით, მოქალაქეები აშკარად აწყდებიან შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციაში სირთულეებს. რაც, როგორც ჩანს, სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ამით, არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ გარეშე პირებიც. ჩვენი სამართალდამცავები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცდილობენ, არ გაუშვან კანონდარღვევა და შესაბამის ზომებსაც იღებენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არსებული პრობლემების გამოსწორებისა და მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 17 აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს რუსეთის სავიზო ცენტრი, რამაც უნდა გამოასწოროს არსებული ვითარება,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

არიან თუ არა ჩართული რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები უკანონო ვაჭრობაში - ამ კითხვაზე "რუსთავი2"-მა ოფიციალური პასუხი რუსეთის საგარეო უწყებიდან მიიღო. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ შექმნილი ვითარება ქართველი კრიმინალური ელემენტების ბრალია.

საქართველოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით "კურიერმა" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ მოპყრობას იმ ადამიანების მიმართ, როლებიც თვეების განმავლობაში ვიზის მოლოდინში რიგში დგანან.

"შაბათის კურიერში" გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.  

ქართველი სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ ვის უხდიან მოქალაქეები რუსეთის ვიზის მისაღებად 350-დან 550 დოლარამდე თანხას.

 

დღის ამბები