სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად გამსახურდიას განზრახ მკვლელობის საქმის შესწავლა დაიწყო. თავად დაზარალებული კი ამ დრომდე ელოდება საქმის მასალების გადაცემას მთავარი პროკურატურისგან. ადვოკატის თქმით საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი დაზარალებულად ერთი წლის წინ ცნეს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისთვის დოკუმენტაცია არ გადაუციათ. დაცვის მხარე ასევე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელის განხილვა დროულად დაიწყოს. აღნიშნული სარჩელით ისინი იმ ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც პროკურატურას ანიჭებს უფლებას, არ გადასცეს საქმის მასალები და მხოლოდ საგამოძიებო უწყებაში გააცნონ დოკუმენტაცია.
"შეუძლებელია პროკურატურის ერთ პატარა ოთახში და ამ საქმის მასალების გაცნობა და სრულფასოვანი ანალიზის გაკეთება. საკითხი რომ დაზარალებულმა ეს საქმის მასალები მიიღოს ხელზე, ეხება არამხოლოდ გამსახურდიას ოჯახის ინტერესებს, არამედ თითოეულ დაზარალებულს ამ ქვეყანაში, რომელიც იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში და პროკურატურა ახორციელებს მის ვალდებულებას რომ სრულფასოვნად გააცნოს საქმის მასალები,"-აცხადებს ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი.