23 სექტემბერი 2018,   17:14
ვრცლად
დარაჯები ალავერდელი მეუფის წინააღმდეგ - უკიდურესად გაჭირვებული მოხუცები მღვდელმთავრისგან კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

შუამთის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ცენტრის დარაჯები ალავერდელი მეუფის წინააღმდეგ. სამი დარაჯი მეუფე დავითმა წელიწად-ნახევარი ისე ამუშავა, რომ არც ერთი თეთრი არ გადაუხადა. დაზარალებულები უკიდურეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, 76 წლის გივი კევლიშვილი ავადაა, მკურნალობისთვის მღვდელმთავარს საკუთარი ხელფასი მოსთხოვა, თუმცა პასუხად მხოლოდ დაპირება მიიღო. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და თანხა ისევ არ აუღიათ.

დარაჯები, შუამთის მონასტრის ტერიტორიაზე, ტურიზმის ცენტრის შენობას იცავდნენ, ობიექტი სახელმწიფომ ალავერდის ეპარქიას გადასცა. შენობა ჯერ ისევ დაკეტილია. თავდაპირველად მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ახალ შენობაში კვების ობიექტი უნდა გახსნილიყო. დარაჯებს დაჰპირდა, რომ ხელფასს გადაუხდიდა, თუმცა 13 თვიანი მუშაობის შემდეგ, თანხაზე საუბარს მღვდელმთავარი თავს არიდებდა და სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.

3 დარაჯის ხელფასის დავალიანება საერთო ჯამში 5400 ლარი დაგროვდა, ობიექტის მცველებმა შენობა მიატოვეს და საკუთარი თანხის მოსათხოვად მეუფე დავითს, ალავერდის მონასტერში მიაკითხეს. მოხუცებს ადგილზე პასუხი არავინ გასცა. დახმარებას ახალ მუშები საპატრიარქოსგან ელოდებიან.

დარაჯების ბრალდებაზე საპასუხოდ კურიერმა მეუფე დავითს მიმართა, მღვდელმთავარი რეზიდენციაში არ დაგვხვდა, ტელეფონით საუბრისას კი განაცხადა, რომ მას ხელფასის გადახდაზე დაპირება არავისთვის მიუცია. ეპარქიის მმართველმა დარაჯებს არასწორი ინფორმაციის გავრცელება დააბრალა.

უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ საკუთარი ანაზღაურების მისაღებად, სასამართლოში მოუწიოთ წასვლა.

დღის ამბები