22 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ლეიბებში დამალული ნარკოტიკები-ნარკორეალიზატორები ნარკოტიკებს ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ყიდდნენ

მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ - დაკავებული 20-მდე რეალიზატორიდან 7, ნარკოტიკულ საშუალებას ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ყიდდა. შვიდიდან ხუთი ირანის მოქალაქეა, მათ საშიში ნარკოტიკი საქართველოში სამშობლოდან შემოიტანეს, ანაკლიაში ბინები იქირავეს და წამალს ლეიბებში მალავდნენ. MDMI, ლირიკა, ბიო ექსტაზი - ეს იმ აკრძალული ნივთიერებების ჩამონათვალია, რომელიც მუსიკალურ ფესტივალზე იყიდებოდა.

როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება ფესტივალის ტერიტორიაზე, რომელსაც ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, 20-მდე კი საავადმყოფოში მოხვდა? ორგანიზატორები ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტს უარყოფენ. რაც შეეხება მოხმარებას ამტკიცებენ, რომ მოხმარება ტერიტორიის გარეთ ხდებოდა.

ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ფესტივალის ტერიტორიაზე უკონტროლოდ მოხვედრილი საშიში ნივთიერებების შესახებ? - ამაზე ფესტივალის ორგანიზატორები არ საუბრობენ. უცნობია ისიც, რის მიხედვით შეარჩია სლოვაკეთის მოქალაქე ბრანე კონსტანტინოვი საქართველოს მთავრობამ და ფესტივალის ორგანიზებისთვის 4 მილიონ 600 ათასი ლარი ტენდერის გარეშე გამარტივებული წესით გადაუხადა. "კურიერის" ინფორმაციით კონსტანტინოვი 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ნასამართლევია. ეს ინფორმაცია თავად ორგანიზატორმაც დაგვიდასტურა. ასევე დაადასტურა ბერა ივანიშვილთან ნაცნობობაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის პროტექციით ჩააბარეს 2018 წლის 21 მაისს დაფუძნებულ კომპანიას, ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარება.

დღის ამბები