14 მაისი 2024,   02:21
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ძმა - მაღალჩინოსანი, რომელმაც ცეცხლი სამხედროს გაუხსნა, არ დაუკავებიათ

წყალტუბოში სისხლიან გარჩევაში მონაწილე პროკურორის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. გივი შენგელიას ძმა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, „კურიერთან“ ინტერვიუში, დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

წყალტუბოში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პროკურატურის მაღალჩინოსანი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

„ბატონი გივი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა, საქმეს იძიებს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია. მე ვფლობ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც ავრცელებს ქვეყნის მთავარი პროკურატურა, შესაბამისად სრულ ნდობას ვუცხადებ გამოძიებას და ველოდებით გამოძიების შედეგს,“-ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

დაპირისპირება პროკურატურისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის 24 აგვისტოს მოხდა. ინციდენტისას პროკურატურის თანამშრომელმა სამხედრო მაღალჩინოსანს მის საცხოვრებელ სახლთან, ცოლის თვალწინ ესროლა. "კურიერის" ინფორმაციით, გივი შენგელია საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ახლო ნათესავია.

„მიხეილ ჯანელიძე იყო ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და მისგან არანაირი მფარველობა არ ყოფილა“- ირაკლი ამბობს შენგელია.

გივი შენგელიას მეუღლე ადასტურებს, რომ გივი შენგელია მიხეილ ჯანელიძის მამიდაშვილია, თუმცა ნათია ბაკურაძე ამბობს, რომ ჯანელიძე მის მეუღლეს არასოდეს დახმარებია. 

"მიხეილ ჯანელიძეს რომ ემფარველა, ის იყო მისი მკვიდრი მამიდაშვილი, ჩემი ქმარი იქნებოდა ან ქალაქის პროკურორი ან ოლქის პროკურორი ძალიან მაღალ თანამდებობაზე.... ყველაფერს თავისით მიაღწია და არ იყო ისეთ მაღალ თანამდებობაზე, როგორც შეეფერებოდა მინისტრის ნათესავს,“-ამბობს ნათია ბაკურაძე.

რაც შეეხება კურიერის კიდევ ერთ ინფორმაციას, რომ შენგელიამ აღნიშნულ ინციდენტამდე კიდევ ერთი პირი დაჭრა, ოჯახი არ ადასტურებს.

დღის ამბები