18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ვერ აზუსტებს, მოუწესრიგებელი საკურორტო ზონებზე საუბრისას პრემიერი ვის გულისხმობდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე, ვერ აკონკრეტებს, ვის ეკუთვნოდა პრემიერის საყვედური მოუწესრიგტებელ ტურისტულ ზონებთან დაკავშირებით.

ირაკლი ქარსელაძე თავადაც ადასტურებს, რომ მდოგმარეობა საკურორტო ზონებში ნამდვილად მძიმეა, თუმცა, ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა, სახელმწიფოსთან ერთად, ინვესტორებს და კერძო სექტორსაც ეკისრება.

„მიჭირს, კიდევ ერთხელ ვთქვა იმაზე, რაზეც არ მიმიღია მონაწილეობა მსჯელობაში. მაგრამ ეს რაც შეეხება ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ალბათ, უპრიანია, რომ მოგვიანებით დააზუსტოთ, ვისზე იყო საუბარი. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ახლახანს ვიმყოფებოდით აბასთუმანში და არ არის არც ერთი ბანკის ფილიალი, არ არის ბანკომატი. რა თქმა უნდა, ეს ის საკითხებია, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს ძალისხმევით ვერ გადაწყდება. სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც აუცულებლად უნდა გააკეთოს. გზებს ვერავინ ვერ გააკეთებს, წყალს ვერავინ ვერ გააკეთებს, კანალიზაციას, გაზს და ა.შ. დიახ, მაგრამ ამავდროულად მეორე მხარემაც უნდა იაქტიუროს და ინვესტორმაც უნდა იაქტიუროს იმთავითვე,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა საკურორტო ზონებზე პასუხისმგებელ პირებს მიმართა და მათ ბოლო გაფრთხილება მისცა. მამუკა ბახტაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, თქვა, რომ უკმაყოფილოა საზაფხულო და ზამთრის კურორტების მომზადების დონით.

განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მე განვაცხადე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა ჩვენ კურორტებზე ზაფხულში. ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, მათთვის ბოლო გაფრთხილებაა, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

დღის ამბები