19 დეკემბერი 2024,   02:53
ვრცლად
"მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“ - კალაძე ზუგდიდის ყოფილი მერისა და მოადგილის შესახებ

„ძალიან სამწუხაროა, როცა ჩნდება გარკვეული კითხვები და არსებობს ასევე აუდიოჩანაწერი მერთან და მის მოადგილესთან დაკავშირებით"-ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი იმ სკანდალური ფარული ჩანაწერის შინაარსს, რომელიც ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე მიანიშნებს.

კახა კალაძის თქმით, არავის აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს "ქართული ოცნების" ის მთავარი ღირებულებები,როგორიცაა კანონის უზენაესობის დაცვა, გამჭვირვალობა და ღიაობა. კალაძის განცხადებით, ზუგდიდის მერმა და მისმა მოადგილემ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა თანამდებობა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებამდე დატოვეს.დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ყველა, ვინც ეცდება უკანონო გარიგებებში შესვლას მკაცრად დაისჯება.  

"გამოძიება დაწყებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ. ის გადაწყვეტილება, რომელიც მერმა და მისმა მოადგილემ მიიღო არის სწორი. არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა კანონის მიღმა გაიხედოს და მიიღოს ისეთი არასწორი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონთან მოდის წინააღმდეგობაში.

ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის პირადად,ჩვენი გუნდისთვის,ჩვენი გუნდისთვის მთავარია, რომ იყოს პირველ რიგში კანონი, ვიყოთ გამჭვირვალეები და ღია. გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამ ყველაფერს სჭირდება გაფრთხილება.

არავის არ ეპატიება რომ კანონს მიღმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს, მკაცრად დაისჯება ყველა ვინც გაბედავს, რომ გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადადგას“-ამბობს კალაძე.

ზუგდიდის მერმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დღეს დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გოგიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი უკანონო საქმიანობის შესახებ „შაბათის კურიერი“ მის სატელეფონო ჩანაწერს ფლობდა.თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემაც.

ფარული ჩანაწერის "რუსთავი2"-ის ეთერში გასვლის შემდეგ ​ზუგდიდის უკვე ყოფილი მერის წინააღმდეგ გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო.

დღის ამბები