26 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
ქუთაისის მერის პორტრეტი იტალიის ქალაქ კოზენცას საგამოფენო სივრცეში

იტალიის ქალაქ კოზენცას საგამოფენო სივრცეში ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი გამოფინეს. ქუთაისელი მხატვარი, ლევან გოგიტაძე კოზენცაში გაემგზავრა, იქ დახატა თავისი ქალაქის მერი და ტილო გამოფენაზეც გაიტანა. 

პლენერი ღია ცის ქვეშ ფერწერული ტილოების შექმნას ითვალისწინებდა და მხატვრებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ანიჭებდა.

პლენერის დასკვნით დღეს ქართველმა მხატვრებმა კოზენცაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს, რომელსაც იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარიაც დაესწრო.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, გიგა შუშანია პირველი იყო, ვინც მერის იტალიური ვოიაჟის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ატვირთა და საქილიკო თემად აქცია. ის პოლიტიკურ ოპონენტს არა მხოლოდ ნარცისიზმის გამოვლინების გამო, არამედ ისტორიის გადაწერის მცდელობისთვისაც აკრიტიკებს.

ვიდრე გავრცელებულ ვიდეოს რამდენჯერმე არ უყურა და კომენტარები გულდასმით არ წაიკითხა, მსახიობმა დავით გაჩეჩილაძემ ვერ დაიჯერა, რომ იტალიური გამოფენისა და მასზე მოხვედრილი მერის პორტრეტის ამბავი ყალბი ახალი ამბავი არ იყო.

ქუთაისელები თვლიან, რომ მსგავსი საერთაშორისო ფორუმები ქართველმა ხელოვანებმა არა ცალკეული ჩინოვნიკების საამებლად, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურისა და მისი ფასეულობების პოპულარიზაციისთვის უნდა გამოიყენონ.

კოზენცაში მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნილ ნამუშევრებს, ქუთაისელი მხატვრები მალე მშობლიურ ქალაქშიც გამოფენენ.

დღის ამბები