19 დეკემბერი 2024,   14:10
ვრცლად
"თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ფრაქციას ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია" - ირმა ინაშვილს შესაძლოა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის დატოვება მოუწიოს 

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის გასვლის შესახებ გაკეთებული განცხადება პარტიის ლიდერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

როგორც ირმა ინაშვილმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მას ნატო ჩხეიძესთან დაპირისპირება არ ჰქონია და მისთვის გაურკვეველია რატომ დატოვა დეპუტატმა პარტია.

ინაშვილის განცხადებით, ის ამ დრომდე ცდილობს უკვე ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებას, თუმცა ნატო ჩხეიძე მის ზარებს არ პასუხობს.

ჩხეიძის ფრაქციიდან გასვლის შემთხვევაში ფრაქცია დაიშლება, ხოლო ინაშვილი პარლამენტის ვიცე სპიკერის თანამდებობასაც ვერ შეინარჩუნებს.

„გაოცებული ვარ იმ ინფორმაციით რასაც ვისმენ, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა.

თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ფრაქციას ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია.  

ჩვენც გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის მიხედვით. შევეცდები რომ შევხვდეთ, თუ ვერ შევხვდი შევხვდებით ქუთაისში პარლამენტის სხდომაზე“-ამბობს ირმა ინაშვილი.

ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ განცხადება “პატრიოტთა ალიანსიდან“ გასვლის შესახებ არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა. დეპუტატი გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს საპარლამენტო ტრიბუნიდან გეგმავს.

რაც შეეხება, ნატო ჩხეიძის სავარაუდო შემცვლელს, გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უმრავლესობის ყოფილ დეპუტატთან დავით ჭიჭინაძესთან დაიწყო, თუმცა ჭიჭინაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დღის ამბები