26 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
პრემიერის სავარაუდო ხელმოწერა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერთა სიაში - გიორგი ვაშაძე სუს-ს და ცესკო-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე სუს-ს და ცესკო-ს მორიგ პროვოკაციულ ქმედებაში ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ცესკო-დან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მიერ მიტანილი ხელმოწერების სიის ასლმა გაჟონა.

ვაშაძის თქმით, უზუსტობები სიაში, რომელიც პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატად რეჟისორის და მწერლის მიხეილ ანთაძის მხარდასაჭერად წარადგინა, შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროვოკაცია იყოს, რაზეც პერსონალური მონაცემების გაჟონვის ფაქტიც მიუთითებს.

მიხეილ ანთაძის მხარდამჭერებს შორის პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გვარი და პირადი მონაცემები ფიგურირებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ეს ფაქტი ცნობილი დღეს გახდა, როდესაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა მას ხელმოწერების ორიგინალის ასლი აჩვენა, სადაც დაფიქსირებულია, რომ მხარდამჭერთა სიაში არის, თითქოს, პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერა. ვაშაძის განმარტებით, საველე პირობებში, როდესაც ხელმოწერებს აგროვებენ, მსგავსი სახის პროვოკაციები არ არის გამორიცხული.

ვაშაძის თქმით, ამომრჩეველთა სია დალუქული სახით უნდა ინახებოდეს ცესკო-ში და მასზე წვდომის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა კიდევ ერთი პროვოკაციის შესახებ, რომელიც სუს-მა ცესკო-სთან ერთად დაგეგმა ჩვენს გაერთიანებასთან მიმართებაში. საქმე ეხება მხარდამჭერების ხელმოწერებს, სადაც თითქოსდა პრემიერ-მინისტრი ბახტაძე მხარს უჭერს ანუ მხარდამჭერების სიაში არის ჩვენს კანდიდატებთან მიმართებაში. მე მინდა ერთი რამ განვაცხადო, რომ საველე პირობებში, სადაც გროვდება ეს ხელმოწერები, სამწუხაროდ, მსგავს პროვოკაციებს და მსგავს საკითხებს ჰქონდეს ადგილი, თუმცა, ჩვენ არ ვიცით, ნამდვილად ასეა თუ არა. ჩემთვის ცნობილი გახდა, როდესაც „იმედის“ ჟურნალისტმა მაჩვენა ასლი ორიგინალის, ხელმოწერების, რომელიც წესით, უნდა ინახებოდეს დალუქული სახით მხოლოდ ცესკო-ში და დანაშაულია ამ პირობებში, პერსონალური მონაცემების გავრცელება ცესკო-ს მხრიდან. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სუს-ს, ცესკო-ს, დაიცავით კანონი, ნუ არღვევთ კანონს, არავის არ აქვს უფლება შეგროვებული ხელმოწერების გავრცელების, გადაცემის სხვა მხარისთვის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას „ქართული ოცნების“ და სუს-ის ინტერესების გატარების გამო აკრიტიკებს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქალბატონი ჟვანია ასრულებს სუს-ის დავალებებს და მოქმედებს „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებებით იმისთვის, რომ დისკრედიტაცია მოხდეს ჩვენი მძლავრი გაერთიანების ამ არჩევნებში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები