19 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ხორბლის იმპორტიორებისთვის აკრძალვა ერთი წლით გადავადდება - ფინანსთა სამინისტრომ მძღოლებთან შეთანხმებას მიაღწია

ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა. უწყება ხორბლის იმპორტიორებისთვის აკრძალვას ერთი წლით გადაავადებს.

შეთანხმებას მხარეებმა ცოტა ხნის წინ მიაღწიეს, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ჯანო ამყოლაძესა და ფინანსთა მინისტრს შორის. ჯანო ამყოლაძე შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე შენობის სახურავზე ავიდა, საწვავი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა. ივანე მაჭავარიანი ადგილზე, სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზე მივიდა, რასაც 20 წუთიანი დახურული მოლაპარაკებები მოჰყვა.

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტრომ პოზიცია შეცვალა მძღოლებს თავად ჯანო ამყოლაძემ ამცნო.

„თქვენი გულისთვის და ჩემი გულისთვის ვიყავი იქ. ვიქნები ყოველთვის როცა თქვენ დაგჭირდებათ. ერთი წლის შემდეგ გადაიხედება. წელიწადი ვიმუშავებ. არ იქნება?!-  ისევ იმას ვიზამ პირობას გაძლევთ,“-განაცხადა ჯანო ამყოლაძემ.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მძღოლებს ფინანსთა მინისტრმაც მიმართა და აღნიშნა, რომ შემდეგში მსგავსი გადაწყვეტილებები მძღოლებთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

„გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება. ხოლო ამის მერე მომავალი შეზღუდვა, იქნება ეს სეზონური თუ სხვა ტიპის ერთად გავიაროთ მძღოლებთან.  ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე   გავაკეთოთ რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას.

გაფორმების ეკონომიკური ზონა უახლოეს საათებში მუშაობას აღადგენს. მძღოლების აქცია ტერმინალთან დასრულებულია. 

ხორბლის იმპორტიორების პროტესტი ოთხი დღე მიმდინარეობდა. 

დღის ამბები