19 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი დაუდგინდა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატები მიზანმიმართულ მოწამვლაზე ალაპარაკდნენ 

ყოფილი პრემიერ მინისტრის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი ე.წ. უდოს კომისიის დღის წესრიგში შესაძლოა, ისევ დადგეს. პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის საქმეზე იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ ყოფილი პრემიერ მინისტრის ექიმები დაადგენენ, რომ დაავადება, რომელიც ვანო მერაბიშვილს აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მსჯელობა წულუკიანის უწყებაში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მსჯავრდებულ პრემიერ-მინისტრს უმძიმესი დაავადება - ჰორნერის სინდრომი, დაუდგინდა, ადვოკატები კი საპატიმროში მის მიზანმიმართულ მოწამვლაზე ალაპარაკდნენ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვადამდე გათავისუფლებაზე კომისიამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა, თუმცა, მერაბიშვილის გათავისუფლება მიზანშეწონილად არ ჩათვალა.

ყოფილი პრემიერ მინისტრის ადვოკატები კი დარწმუნებულები არიან, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა და მერაბიშვილის გათავისუფლება ვერ გაბედა.

ადვოკატები წულუკიანის უწყებას კიდევ ერთხელ მსჯავრდებულის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ და ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიციაც.

დეპუტატები თეა წულუკიანს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ახსენებენ. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილის შეწყალება მიზანშეწონილი არ არის.

ყოფილი პრემიერ მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში ბოლო ორი თვის განმავლობაში დამძიმდა.

 

 

 

დღის ამბები