აფხაზეთში დაღუპულების ხსოვნას ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს. ხელისუფლების ოპონენტებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ 25 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ყველას, რომ ქვეყნის დროებითი ოკუპაცია არის საქართველოს მთავარი ტკივილი. ყველას ვარწმუნებ, რომ არ არის შორს დრო, როდესაც საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთიანი იქნება და ქვეყნის დედაქალაქი სოხუმი გახდება.
„საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის, პაატა დავითაიას შეფასებით, მისთვის ომი არ დამთავრებულა და ის მაშინ დასრულდება, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
გმირთა მემორიალთან „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილიც იმყოფებოდა. მან აფხაზეთში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
„პატივს მივაგებთ გმირებს, ჟიული შარტავას, სხვებს, ვინც ამ დღეს გმირობის მაგალითი აჩვენეს, ვინც თავისი სიკვდილით საქართველოს შანსი დაუტოვეს, რომ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება გამთლიანდება,“- აღნიშნა უსუფაშვილმა.
სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 14 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.