24 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
შსს-ს მაღალჩინოსანი ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს - საქმის მასალებიდან ჩვენებები და პოლიციელების შიდა მიმოწერა "კურიერმა" მოიპოვა

ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილეს, გოგა გელაშვილს, საქართველოში ნარკოტიკების შემოტანაზე მფარველობას ედავებიან.

გოგა გელაშვილი საკუთარ კაბინეტში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შემოტანასა და რეალიზაციაში, ასევე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანას, რომ ქვეყანაში შსს-ს მაღალჩინოსანი მფარველობდა, თბილისის აეროპორტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაირკვა, როდესაც გერმანიიდან ჩამოსული კონსტანტინე მებუკე დააკავეს.

ბრალდებულს ქვეყანაში 163 აბი სუბოტექსი უკანა ტანში ჰქონდა დამალული და სუბოტექსის ტრანსპორტირებას სხეულით ახდენდა. დაკავებისთანავე მებუკემ პოლიციის მაღალჩინოსან გოგა გელაშვილთან შეხვედრა მოითხოვა და თქვა, რომ ნარკოტიკები ქვეყანაში გელაშვილთან და მის სიძესთან, გიორგი ბახტაძესთან შეთანხმებით შემოჰქონდა.

კურიერის მიერ მოპოვებული საქმის მასალებშია ჩვენებაც, სადაც ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებული მებუკე ყვება, როგორ ახდენდა ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი ქვეყანაში უკანონოდ შემოტანილი ნივთიერების განაწილებას.

კურიერის მოპოვებულ საქმის მასალებში დევს ვაიბერის აპლიკაციით მიმოწერა, საიდანაც დგინდება, რომ ოპერატიულმა ინფორმაციამ სამინისტროს დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ პოლიციელების დახურული მიმოწერის, პირველი სამმართველოს სისტემიდან გაჟონა.

ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში ქრთამის აღებაც დაადასტურა. სკანდალური აღიარებიდან მალევე გელაშვილმა ნარკოტიკების რეალიზაციასთან კავშირი უარყო. ის ბრალს არ აღიარებს.

განსაკუთრებული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სულ 4 პირია დაკავებული.

დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებენ ირაკლი ამირიძე და გიორგი ბახტაძე. გამოძიებასთან მხოლოდ კონსტანტინე მებუკე თანამშრომლობს. კურიერის ინფორმაციით, მასთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსანს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები