19 დეკემბერი 2024,   11:43
ვრცლად
პარტიული ომებით არიან დაინტერესებულები - მამუკა ჩიქოვანის მიერ "ევროპული საქართველოს" დატოვებას ყოფილი თანაპარტიელები ეხმაურებიან

პარლამენტის წევრის, მამუკა ჩიქოვანის მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილებას, ჩიქოვანის ყოფილი თანაპარტიელები ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრებისთვის ჩიქოვანის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები თვლიან, რომ დეპუტატმა პოლიტიკა პირად წყენას გადააყოლა, თუმცა, არ საუბრობენ, რა შეიძლებოდა სწყენოდა მამუკა ჩიქოვანს.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია და ენმ სწორედ "ევროპულ საქართველოს" უპირისპირდება.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო დარტყმის საგანი გავხდით ბევრჯერ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისინი, არ არიან არცერთი პარტია დაინტერესებული ამ ქვეყნის მომავლით. პარტიული ომებით არიან დაინტერესებულები,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

კიკნაველიძის განცხადებით, პარტიას არა მხოლოდ ტოვებენ ადამიანები, არამედ ხშირ შემთხვევაში პარტიის რიგები ახალი წევრებით ივსება, თუმცა ამის აფიშირება არ ხდება. მისივე განმარტებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლონ, რადგან ეს სწორედ ივანიშვილს მოუტანს სარგებელს.

„ჩვენთან პარტიულ ოფისში მოდის ინფორმაცია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, კოორდინატორები, ადგილზე მომუშავე ადამიანები ტოვებენ თავიანთ პარტიებს და გადმოდიან ჩვენთან, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ეს არ მიგვაჩნია მნიშვნელოვან ფაქტორად ამ არჩევნებში. ბატონი კირკიტაძე თუ მიიჩნევს, რომ ეს არის ტაქტიკა, რომლითაც ოპოზიციურმა პარტიამ უნდა იბრძოლოს ანუ იბრძოლოს სხვა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, ეს სირცხვილი იყოს მასზე იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელში ვაძლევთ ბიძინა ივანიშვილს რესურს, რომ ამ არჩევნებზე გაიმარჯვოს,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

მამუკა ჩიქოვანმა "ევროპული საქართველო" დღეს დატოვა. ის პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

დღის ამბები