„ის, რაც მოვისმინეთ, არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და აბუჩად აგდების მცდელობა,“- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც სპორტის ყოფილმა მინისტრმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელსა და აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება კორუფციაშია ჩართული და ცდილობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმე არ გამოიძიონ.
„თუ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, რას ელოდებოდა ამდენი ხანი ბატონი ყიფიანი, რატომ არ განაცხადა თავიდანვე, რომ ეს იყო ტყუილი. სინამდვილეში ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ, როგორც ჩანს, მართლაც ეს ამბავი არის სიმართლე, მართლაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩართულია კორუფციაში და დღეს ეძებენ გამოსავალს, რომ როგორ არ გამოიძიონ და მიჩქმალონ ეს ამბავი. ამ ყველაფრის საუკეთესო პასუხი იქნება 28 ოქტომბრის არჩევნებზე შესაბამისი პასუხის გაცემა და „ქართული ოცნების“ დამარცხება,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სპორტის ყოფილმა მინისტრმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა ფარული ჩანაწერების გაკეთება შესთავაზა. ლევან ყიფიანის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ჩანაწერები ვალის ჩამოსაწერად სჭირდებოდა.