22 დეკემბერი 2024,   15:10
ვრცლად
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ექიმები - ზურაბიშვილს ღუდუშაურის და ჩაჩავას მედიკოსებმა 200 ათასი ლარი ჩაურიცხეს

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლების რიცხვს ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკის ექიმებიც შეემატნენ. "ოცნების" რჩეული კანდიდატის ანგარიშზე მხოლოდ ამ ორი კლინიკის თანამშრომლების მიერ ჯამში, 200 ათას ლარამდე ლარი ჩაირიცხა.

მედიკოსების სია, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილის ფონდში თანხა ჩარიცხეს ასეთია:

ლუდუშაურის კლინიკის ექიმი ლალი ბეგაძე - 6000 ლარი

ქირურგი ირმა კაჭიური -7000 ლარი, ექიმი ლარისა მელია - 7000 ლარი, ლუდუშაური კლინიკის ექიმი მანანა სვანიძე - 6000 ლარი, ჩაჩავას კლინიკის ექოსკოპისტი მარიამ გოცირიძე - 7000 ლარი

ექიმი ლიკა ჯაჯანიძე - 5000 ლარი, ექიმი ნინო აქიაშვილი - 5000 ლარი, ექიმი ფიქრია კამლაძე - 5000 ლარი

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგი ნიკოლოზ ქსნელაშვილი - 8000 ლარი, ექიმი მანანა ელისაშვილი - 8000 ლარი, ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიის უფროსი მერი მაღარაძე - 5000 ლარი, ექიმი ლელა ჩხიკვაძე - 5000 ლარი.

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა სიის სათავეში ჩაჩავას კლინიკის ხელმძღვანელობაა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პალიკო კინტრაია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს 10000 ლარი შესწირა, თუმცა საერთოდ არ იცნობს. 

ექიმები ტელეკამერებთან ამბობენ, რომ თანხა საკუთარი დანაზოგიდან კანდიდატისადმი სიმპათიის გამო გაიღეს. თუმცა "კურიერ"ს კამერის მიღმა სამმა ექიმმა დაუდასტურა, რომ მედპერსონალი ჩაჩავას და ღუდუშაურის საავადმყოფოების ადმინისტრაციამ დაიბარა, უთხრა, რომ ფული ზურაბიშვილისთვის უნდა შეეწირათ, თანხას კი თავად კლინიკის მფლობელები გამოყოფდნენ და უბრალოდ მედიკოსების პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებდნენ. ხელი ექიმებს დოკუმენტზე მოაწერინეს, უთხრეს, რომ მათი მონაცემები საჯარო არ გახდებოდა და თანხის გადარიცხვის ოპერაციაც თავად შეასრულეს.

ზურაბიშვილის შემომწირველთა სიის სათავეში ჩაჩავას კლინიკის ხელმძღვანელობაა. 

ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების მეწილე და აქციონერი, ქართული ოცნების დეპუტატი, ტყიბულის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძეა. დეპუტატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფონდში ამ დრომდე თანხა არ გადაურიცხავს. ელგუჯა გოცირიძე ამტკიცებს, რომ მას თანხა არც კლინიკების მენეჯმენტისთვის არ მიუცია, რომ "ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს დახმარებოდნენ.

ზურაბიშვილის მსხვილ შემომწირველებს შორის თბილისის მერი კახი კალაძე და ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი არიან. ივანიშვილის "ქართული ოცნების" რჩეულს 45 ათასი აჩუქა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ თავად ბიძინა ივანიშვილის ძმას არც შეხვედრია და არც ფინანსური მხარდაჭერა არ უთხოვია. გაირკვა რომ "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებებზე წუხს. ნიკა გვარამიას პოზიცია და სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, დღეს ზურაბიშვილისა და ელჩებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო.

სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიამ უპასუხა. "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის ამბობს, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატზე ის პოზიციის შეცვლას არ აპირებს და მას ქვეყნის მოღალატედ მიიჩნევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები