19 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
„ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში" - სააკაშვილის პასუხი სტუდენტს, რომელიც ოლიგარქიული მმართველობით დაინტერესდა

ოლიგარქიული მმართველობა და რუსული საფრთხეები - ეს ის თემებია, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ისაუბრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტილბურგის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას პარალელები უკრაინასა და მოლდოვასთან გაავლო. მისი შეფასებით, მთავარი მუხრუჭი პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარებისთვის ოლიგარქების მმართველობაა, რომლებიც 90- იან წლებში დიდძალი ქონება დააგროვეს და დღეს დიდი ფულით აკონტროლებენ ყველას და ყველაფერს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლობალურ პოლიტიკაზე ლექციის ჩასატარებლად მიიწვიეს. ტილბურგის უნივერსიტეტმა, რომელიც 91 წლის წინ დაარსდა და დღესაც ნიდერლანდების ნომერ პირველ სასწავლებლად ითვლება, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასობით სტუდენტს უმასპინძლა. მესამე პრეზიდენტი მათ საათზე მეტხანს ესაუბრებოდა მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, რეგიონულ პრობლემებსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. ის დღესაც მიიჩნევს, რომ 2008 წლის ომის დროს დასავლეთის სათანადო რეაგირების შემთხვევაში რუსეთი უკრაინაში შეჭრას ვეღარ გაბედავდა.

ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრა სტუდენტებთან სხვა დარბაზში, კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აუდიტორიას რეგიონში მიმდინარე პროცესები აინტერესებდა. ბევრი კითხვა დაუსვეს მესამე პრეზიდენტს არჩევნების შესახებაც. მათ შორის უკრაინასა და საქართველოში. სტუდენტებს აინტერესებდათ შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების შეცვლა ოლიგარქიული მმართველობის პირობებში.

„ჩვენ გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში და იმედი მაქვს შევძლებთ ჩვენი გამარჯვების დაცვას“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

უცხოელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ლექციას ქართველი სტუდენტებიც ესწრებოდნენ. 

დღის ამბები