პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ბიძინა ივანიშვილის ბანკ ქართუდან მილიონი ლარი ისესხა.
ქართული ოცნების კანდიდატის საკრედიტო ისტორია აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გახდა ცნობილი, თუმცა, ამავე ანგარიშში მითითებული არ არის, რა ვადით ან რამდენ პროცენტიანი სარგებელით მიიღო ზურაბიშვილმა მილიონი ქართუსგან.
თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე ხმების 10%-ზე მეტს მიიღებს, მაშინ მის სესხს ბიძინა ივანიშვილის ბანკში სახელმწიფო დაფარავს. კანდიდატებისთვის მილიონი ლარის მიცემას კანონი ითვალისწინებს.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მილიონიანი კრედიტი კანდიდატებს არათანაბარ ვითარებაში აყენებს.
სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებს ნაციონალური მოძრაობიდან აინტერესებთ, მისცემენ თუ არა იგივე ოდენობის თანხას მათ კომერციული ბანკები. ევროპული საქართველოს წევრები კი ამბობენ, რომ მილიონი ლარი ზურაბიშვილის არამხოლოდ პოლიტიკურად, ფინანსურადაც ივანიშვილზე დამოკიდებულს ხდის.
საპრეზიდენტო კანდიდატების დაფინანსების წყაროებს მონიტორინგის უწევს არასამთავრობო სექტორი. მათთვის მნიშვნელოვანია, რა პირობებით მიიღო მილიონის კრედიტი სალომე ზურაბიშვილმა. თუკი საპროცენტო განაკვეთი საბაზროზე დაბალი იქნება, მაშინ მილიონი ლარი არა სესხად, არამედ შემოწირულობად ჩაითვლება.