19 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული თანხები - "კურიერმა" შემომწირველი ექიმების საბანკო ამონაწერები მოიპოვა

სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული თანხები - კურიერმა შემომწირველი ექიმების საბანკო ამონაწერები მოიპოვა.

დოკუმენტების მიხედვით, არც ერთი მედიკოსის ანგარიშზე დანაზოგი არ ფიქსირდება, თითქმის, ყველა მათგანს აქვს საბანკო ვალდებულებები, ასევე ირკვევა, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის დამფინანსებელი ექიმების უმეტესობამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი გუნდის კამპანიაც დააფიანსა.  

ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა, მანანა მახარაძემ, სალომე ზურაბიშვილს 2 ოქტომბერს 5 ათასი ლარი შესწირა, 2016 წელს კი ქართლ ოცნებას - 20 ათასი ლარი. დოკუმენტებით, რომელიც კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ ბანკიდან მიაწოდა, ირკვევა, რომ ექიმ მახარაძეს ბანკში ორი კრედიტი აქვს და ხელფასიდან ნაწილს ამ ვალდებულების შესასრულებლად იყენებს.

ერთ-ერთი მედიკოსის ახლობელი ამბობს, რომ ექიმებს სამსახურიდან გაშვებითაც კი ემუქრებოდნენ, თუ ფინანსური ოპერაციაში მონაწილებას არ მიიღებდნენ. 

რამდენ ექიმს დაემუქრა ადმინისტრაცია სამსახურიდან გაშვებით და მიიღეს თუ არა სალომე ზურაბიშვილისთვის გადასარიცხი თანხა უშუალოდ მათი ხელმძღვანელისგან - კურიერის ამ შეკითხვებს სამედიცინო კლინიკების მფლობელი, ელგუჯა გოცირიძე, რომელიც მილიონერი დეპუტატების სიაში, არ პასუხობს.

 ლელა ჩხიკვაძე ღუდუშაურის კლინიკის ექიმია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 5 ათასი ლარი გადაურიცხა. 2016 წელს კი ქართული ოცნება 8 ათასი ლარით დააფინანსა. მის საბანკო ამონაწერში რამდენიმე მოქმედი სესხი და საკრედიტო ბარათი ფიქსირდება.

სატელეფონო ინტერვიუებში ექიმები ერთსა და იმავე ვერსიას ყვებიან - დანაზოგი არც ერთ მათგანს ბანკში არ ჰქონია და ფულს სალომე ზურაბიშვილისთვის სახლში ინახავდნენ.

 ამავე ვერსიაზე საუბრობს ჩაჩავას ექიმი, ნიკოლოზ ქსნელაშვილი. მისი საბანკო ვალდებულება 100 ათასს აჭარბებს. ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგმა სალომე ზურაბიშვილს 8 ათასი, ქართულ ოცნებას კი 40 ათასი ლარი გადაურიცხა.

ოფიციალურ ვერსიისგან განსხვავებით, მომხდარის სხვა მიზეზებზე საუბრობს ექიმი კურიერისთვის ანონიმურად გამოგზავნილ წერილში. ის წერს, რომ მედიკოსები ზეწოლის ქვეშ არიან.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე ამის შესახებ პოსტი ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგმა, ნიკოლოზ კინტრაიამაც, დაწერა, თუმცა, ის მალევე წაიშალა.

ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, მერი მაღრაძემ, სალომე ზურაბიშვილი 5 ათასით, ქართული ოცნება კი 10 ათასი ლარით დააფინანსა. ექიმი ამტკიცებს, რომ ფული მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატს საკუთარი სურვილით აჩუქა.

ინტერვიუს დროს მერი მაღრაძეს კურიერის ჟურნალისტმა განუცხადა, რომ ჰქონდა ამონაწერი ბანკიდან, რითაც დგინდება, რომ მერი მაღრაძეს ბანკში ორი კრედიტი აქვს და ჯამში ვალდებულების შესასრულებლად 75 ათასი ლარი სჭირდება. ამ კითხვის შემდეგ საქმეში უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფს ლაბორატორიიდან გასვლა მოსთხოვა.  

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის ჩაჩავას კლინიკის ფინანსური მენეჯერი, მანანა სვანიძეა, სვანიძემ, რომელმაც ზურაბიშვილს 6000 ლარი შესწირა, ამტკიცებს, რომ საჩუქარი კანდიდატს გენდერული ნიშნით გაუკეთა.

დოკუმენტებს, რომელიც კურიერს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც შეისწავლის.  

 

დღის ამბები