22 დეკემბერი 2024,   16:47
ვრცლად
"მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული" - ზაზა სარალიძე სკანდალური ჩანაწერებს ეხმაურება 

მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული - ამ განცხადებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს გამოეხმაურა.

საუბარია ჩანაწერებზე,  სადაც  პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ამტკიცებს, რომ მირზა სუბელიანის კომპრომატებზე მას ინფორმაცია ჩანაწერების გავრცელებამდეც ჰქონდა. სარალიძე სუბელიანისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„ერთი წელი კი არ უნდა მოუწიოს ციხეში ყოფნა მირზა სუბელიანს, მთელი ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა და არასდროს არ ვამბობდით ჩვენ ტყუილს, რომ კომპრომატები ჰქონდა რაღაც მირზა სუბელიანს, რომლითაც აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

ქვეყნისთვის კეთილი საქმე გავაკეთეო, ქვეყნისთვის კი არ გააკეთა კეთილი საქმე, „ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

სკანდალური ჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. 

ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.

მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო მას სახელმწიფოს იმედი აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სწორედ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.

სუბელიანი ითხოვს ჯაფარიძეს გახარიას შეთანხმება გაახსენოს. ჩანაწერში სუბელიანი ფარცხალაძესაც იხსენებს და ამბობს რომ პროკურატურას სწორედ ის მართავს. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მის გარემოცვაზეც საუბრობს და იმ 50-თ ე.წ. "ავტომატჩიკს" ახსენებს, რომლებიც მასთან ერთად გახმაურებული საქმეების გახსნაზე მუშაობდნენ. სუბელიანი განაწყენებულია სამთავრობო გუნდზეც, რომელმაც მის დასაცავად არაფერი გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები