19 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
"შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება" - თეა წულუკიანი მირზა სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერზე

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. 

თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძიებამ დეტალურად უნდა დაადგინოს, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და როდის არის ის გაკეთებული.

გარდა ამისა, თეა წულუკიანის თქმით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დეტალია, ვინ გამოიტანა ჩანაწერი საკნიდან, თუ ეს ნამდვილად ციხის კედლებში ჩაიწერა.

„ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი - თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში. არის თუ არა ავთენტური და ასე შემდეგ.

ამის თაობაზე, როგორც გუშინ პროკურატურამ, ვნახეთ, გაავრცელა განცხადება, სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული.

მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება და იმედი მაქვს რომ პროკურატურა საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“-აცხადებს თეა წულუკიანი.

სკანდალური ჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები