23 დეკემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცება - დაჯგუფების წევრები 3 მილიონს ითხოვდნენ

ორი პარალელური სპეცოპერაცია წყალტუბოსა და თბილისში - კრიმინალური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლის გათავისუფლების ოპერაციას ატარებდნენ.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების ათი წევრი, მათ შორის ერთი ქალია. გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გათავისუფლებულია.

„კურიერის“ ინფორმაციით, ის ბიზნესმენის, ამირან დეკანოიძის შვილია. გიორგი დეკანოიძე შეიარაღებულმა დაჯგუფებამ თბილისიდან გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა.

სამართალდამცავებს ამირან დეკანოიძემ მიმართა, რის შემდეგაც საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.

"კურიერის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, სპეცოპერაცია დღეს დილით ჩატარდა. ისინი ამბობენ, რომ სახლის მეპატრონე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ქუთაისში ცხოვრობს. მეზობლების ინფორმაციით, დაკავებულია სახლის მეპატრონეც.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ დაკავებულები გამოსასყიდის სახით, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს ითხოვდნენ.

„თბილისსა და იმერეთში, ერთობლივად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებმა მიმდინარე წლის რამდენიმე დღის უკან, დაზარალებულს თბილისის ერთ-ერთ უბანში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაიტაცეს და მისი ოჯახის წევრებს გამოსასყიდის სახით სთხოვდნენ, დაახლოებით, სამ მილიონ ლარს,“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები