14 ოქტომბერი 2019,   13:19
ვრცლად
"ამ თემას მოვიკვლევთ" - შს მინისტრი მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის შესაძლო მოსყიდვის ფაქტს ეხმაურება

ციხის მორიგ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ თემის მოკვლევის შემდეგ დადასტურდება მცირედი ნაწილი მაინც იმისა, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს.  ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა. საუბარია ჩანაწერების იმ ეპიზოდზე, რომელშიც მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს თანხა გადაუხადეს და ფული ეკლესიის შესაწირში დაუტოვეს.

შს მინისტრის თქმით, გამოძიების დაწყებისთანავე მოწმეზე ზეწოლისა და ზემოქმედების ბრალდებით უწყებამ 5-ზე მეტი პირი დააკავა. რაც შეეხება ჩანაწერების შინაარსს, ფაქტი იქნება გამოძიებული და თუ ის დადასტურდა, მონაწილე პირები დაისჯებიან.

„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პრაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შსს მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი ჩანაწერის იმ ნაწილსაც ეხმაურება, რომელშიც მირზა სუბელიანი ქალაქის ყოფილ პროკურორზე საუბრობს. საუბრიდან ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი გაბრაზებულია მიხეილ შაყულაშვილზე, რომელმაც პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას, მისგან განსხვავებული ჩვენება მისცა.

გიორგი გახარიას განცხადებით გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი მიხეილ შაყულაშვილის მხრიდან რაიმე სახის სამართლებრივ გადაცდომას.  

„ზუსტად შაყულაშვილის დარღვევების გამოსავლენად იყო შექმნილი საპარლამენტო კომისია, რომელმაც მუშაობა დაასრულა და თავისი დასკვნა დადო. გეუბნებით, რომ ერთ მხარეს გვაქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს პატიმარ მირზა სუბელიანის საუბარი, ფარული ჩანაწერი. საუბრის ფარული ჩანაწერი მის სამ სტუმართან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ის პასუხები  სამართლებრივი, რაც ეკუთვნის ამ ფარულ ჩანაწერს გავცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ვიმსჯელოთ ამაზე რა ფუნქცია, როლი ან რაიმე დარღვევა განახორციელა ბატონმა შაყულაშვილმა,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები