25 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
საკნის დიალოგები - "რუსთავი 2"-ის მიერ დაანონდებული აუდიოფაილები და პროკურატურის საპასუხო ქმედებები

წინა კვირას, "პოსტსკრიპტუმში" როდესაც ეთერში საკნის ფარული ჩანაწერების მხოლოდ ანონსი იყო გასული რომ საზოგადოება მოისმენდა სკანდალურ აუდიოფაილების შესახებ, პირველი საგანგებო განცხადება პროკურატურამ გაავრცელა. ანონსში საკნის დიალოგებიდან არაფერი ისმის. 

საკნის დიალოგებიდან გაირკვა, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულ მირზა სუბელიანს ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი კომპრომატი აქვს. ჰყავდა შეიარაღებული ბანდფორმირება და მის მიერ წლების განმავლობაში მოგროვილ აუდიო, ვიდეო თუ ფოტო კომპრომატებს ხელისუფლების დამხობა შეუძლია. სამარტოო საკანში "ქართული ოცნების" დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძესა და ნდობით აღჭურვილ პირს დავით ცუხიშვილს მირზა სუბელიანი ეუბნება, რომ მისი დახმარებითა და ჩარევით, ცრუ ჩვენებების საფუძველზე გაიხსნა გახმაურებული საქმეები.

პატიმარი სუბელიანი დეპუტატს უყვება, რომ ციხეში მთავრობის გადასარჩენად ჩაჯდა. 

„პოსტსკრიპტუმში“ გასული საუბრის ნამდვილობა საკნის სტუმარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მეორე დილით დაადასტურა. 

პროკურატურამ მესამე დღეს საზოგადოებას საკნის დიალოგების ახალი ვერსია შესთავაზა. მათი განმარტებით, „პოსტსკრიპტუმში“ გადაცემულ ჩანაწერებამდე რამდენიმე თვით ადრე, ციხეში კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი არსებობდა. 6 ივლისით დათარიღებულ ფაილში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა, ისევ მირზა სუბელიანი და ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. ჩანაწერში პატიმარი დეპუტატს ეუბნება, რომ ტყუილებით ხელისუფლების აყირავება შეუძლია. 

საგამოძიებო უწყების ბრიფინგს საგანგებო განცხადებით უპასუხა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა და განმარტა რატომ იწვევდა ეჭვს, რომ ჩანაწერი რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, დადგმული იყო.

„პოსტსკრიპტუმში“ გასული რეპორტაჟის დღეს ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ისევ შევიდა.

გუშინ ღამით საგამოძიებო უწყებამ საკნის მიყურადების თითქმის სამსაათიანი ფაილი სრულად გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყების მსგავსად, ფაილი სრულად გამოქვეყნდა „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზეც. პასუხისმგებელი პირები კი ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-მა საზოგადოებას ფაბრიკაცია შესთავაზა და მირზა სუბელიანის არ ეშინიათ.

 

დღის ამბები