19 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
„კანონიერი შენება არ არის დანაშაული" - ირაკლი სესიაშვილი მის საკუთრებაში არსებულ ფეშენებელურ სახლზე განმარტებებს აკეთებს

ირაკლი სესიაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ პრეტენზიებზე, რომელიც მას ფეშენებელურ სახლებთან დაკავშირებით "შაბათის კურიერის" ეთერში გასულ რეპორტაჟთან აქვს. მისი თქმით "რუსთავი 2"-მა მოიტყუა, როდესაც ითქვა, რომ 2012 წლის შემდეგ აქვს აშენებული სახლები. მისი განცხადებით ჟურნალისტმა ეკო მაღრაძემ ფაქტები შეგნებულად დაამახინჯა.  

„არ მიანიშნა, რომ ერთი იყო აშენებული 2012 წლამდე და მეორე იყო 2012 წლის შემდგომ. ეს მიზანმიმართულად გააკეთა რომ საზოგადოებაში წარმოქმნილიყო შთაბეჭდილება, რომ 2012 წელს სესიაშვილმა დაიწყო ორი სახლის ერთდროულად მშენებლობა,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საუბარია 1000 კვმ. მიწის ფართობზე არსებულ ორ სახლზე. „შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟში აღნიშნული იყო სწორედ ის სახლი, რომელიც 2012 წლის შემდეგ აშენდა. ეს არის სამ სართულიანი სახლი, რომელიც ამავე ეზოში დგას. მეორე, მცირე ზომის სახლი კი ირაკლი სესიაშვილმა 2012 წლამდე აიშენა, რაც ხაზგასმული იყო რეპორტაჟში.

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ აქვს პოლიტიკური დაკვეთა, რომ მოქალაქეებს შეექმნას არასწორი შთაბეჭდილება.

„კანონიერი შენება არ არის დანაშაული. დანაშაული არის უკანონო შემოსავლებით შენება. ეკო მაღრაძე, რომ დაინტერესებულიყო და თითოეული იმ რესპოდენტისთვის, რომ ეკითხა საიდან ააშენეს ეს სახლები, ის პასუხს მიიღებდა. აბსოლუტურად ყველა ვინც თქვენ დაასახელეთ, თითოეულ მათგანს აქვს კრედიტი არსებული ან ბინა გაყიდული როგორც ჩემს შემთხვევაში,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ მან ბინა გაყიდა და ამ სახსრებით აიშენა სახლი.

თუმცა კითხვაზე, რომ დეკლარაციაში მითითებული აქვს 2017 წელი, როდესაც მან ბინა გაყიდა, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ 2016 წელს მან კი დაიწყო სახლის აშენება თუმცა ეს იყო შავი კარკასი, რომლის თანხა მაშინ არ გადაუხდია.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას ყველაფერი მითითებული აქვს დეკლარაციაში, მათ შორის ის ხარჯებიც, რაც სახლზე დაეხარჯა. მისი თქმით, ის უკვე ორი წელია სამსართულიან სახლს აშენებს. მას აქვს სტაბილური შემოსავალი, აქვს კრედიტი და პლიუს გაყიდა ბინა, რომელიც სწორედ ამ ფეშენებელური სახლის მშენებლობაზე იხარჯება. 

მისი თქმით, მას შავი კარკასი დაუჯდა 37 ათასი დოლარი და ეს თანხა დახარჯა ბინის გაყიდვიდან აღებული ფულიდან. 

დრდიაშვილის განცხადებით, თავად "რუსთავი 2"-ია შეძენილი კორუფციული გზით და ეს არხი ცდილობს ახლა ჩრდილი მოაყენოს "ოცნების" მაღალჩინოსნებს. 

რაც შეეხება მიწას, რომელზეც განთავსებულია ირაკლი სესიაშვილის ფეშენებელური სახლი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის შეიძინა 2007 წელს. მისი თქმით მიწის მდებარეობიდან გამომდინარე მხოლოდ ორ მეზობელს შეეძლო შეძენა და ერთ-ერთი იყო თავად. მისი თქმით, მისმა მეზობელმა არ მიიღო მონაწილეობა აუქციონში და შესაბამისად დამატებითი ფართი თავად შემოიერთა. 

მან ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულა ჟურნალისტი ეკო მაღრაზე, რომელმაც მისი თქმით, არ გადაამოწმა რა შემოსავლებით შეიძინეს ოცნების მაღალჩინოსნებმა სახლები. 

როგორც ირაკლი სესიაშვილს ეკო მაღრაძემ განუცხადა, საუბარი იყო ფაქტებზე, რომელიც მითითებული იყო ქონებრივ დეკლარაციებში. 

დღის ამბები