15 ნოემბერი 2018,   21:49
ვრცლად
მნიშვნელოვანი
7 ნოემბრის აქცია - სასამართლოში სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი დაკითხეს

2007 წლის 7 ნოემბერის აქციის დარბევის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი დაიკითხა. მამია ბალახაძემ რუსთველის გამზირზე სახმელეთო ჯარების გაყვანის დავალებასთან დაკავშირებით მისცა ჩვენება.

დაცვის მხარის შეფასებით, პროცესზე მოწმემ მნიშვნელოვანი ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ ჯარს დარბევაში მონაწილეობა არ მიუღია.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სასამართლოში მამია ბალახაძემ ხაზი გაუსვა, რომ ჯარის გამოყვანის შემდეგ ძალადობრივი ქმედებები არ მომხდარა.

„ერთი მტკიცებულებაც კი არ არის წარმოდგენილი იმისა, რომ საჯარისო ნაწილების გამოსვლის შემდეგ ხალხს რუსთაველზე თავმოყრაში შეეშალა ხელი. ჯარი, მოგეხსენებათ, იმყოფებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში,“ - განაცხადა ბასილაიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ რუსთაველზე ჯარი იმიტომ გაიყვანეს, რომ გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაეკეტათ, რათა აქციის მონაწილეები იქ ვეღარ მისულიყვნენ.

7 ნოემბრის დარბევის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას აქვთ წაყენებული.

დღის ამბები