23 აგვისტო 2019,   16:12
ვრცლად
გასაიდუმლოებული ვიზიტი - არჩევნების წინ აზერბაიჯანის მთავრობის გავლენიანი მაღალჩინოსანი და "სოკარის" პრეზიდენტი მარნეულში ჩავიდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარის პრეზიდენტი ქვემო ქართლში მედიისათვის გასაიდუმლოებული ვიზიტით ჩავიდა. მარნეულის ჩაის სახლში როვნაგ აბდულაევი, პარტია ქართული ოცნების მაჟორიტარებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის უხუცესებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა.

აზერბაიჯანის მთავრობის გავლენიანი მაღალჩინოსანი კურიერთან ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში მმართველი პარტიის დასახმარებლად არ ჩამოსულა და ვიზიტის მიზანი მხოლო ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან შეხვედრა იყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტს მარნეულში ახალგაზრდები აქციით დახვდნენ.

მათი მტკიცებით, აზერბაიჯანის მთავრობის მაღალჩინოსანი რეგიონში წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების დასახმარებლად ჩამოვიდა და ჩაის სახლში შეკრებილებს ღიად მოუწოდა, ხმა ქართული ოცნების კანდიდატისთვის მიეცათ.

წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას რიგითი მოქალაქეები არ დაასწრეს, ვინც შენობაში არ შეუშვეს, აბდულაევს შეძახილებით შეხვდნენ.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, რომელიც აბდულაევს პირადად მასპინძლობდა, ამტკიცებს, რომ სოკარის პრეზიდენტის ვიზიტი არჩევნებს არ უკავშირდება და ის არჩევნების წინ ბაქოდან მარნეულში პროექტებზე სალაპარაკოდ ჩამოვიდა.

შეხვედრის მონაწილეები უარყოფენ, რომ საარჩევნო მითითებები მიიღეს. ადგილობრივი ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ შეხვედრა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.

 

 

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი 

დღის ამბები