19 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
გორში მოკლული 9 წლის გოგონა სახლში გადაასვენეს - ოჯახი ავარიის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბავშვი ნაცემი და გაგუდულია

გორში მოკლული 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. გოგონა სახლში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. ოჯახის წევრები პირად საუბარში აცხადებენ, რომ გავრცელებული ვერსია ავარიის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ამის კვალი არ არსებობს. მათი თქმით, ბავშვი არის ჯერ ნაცემი, ხოლო შემდეგ გაგუდული.

"არაფერი ვიცი ჯერ, ეხლა მეტყვიან პირველი, რაც არის სათქმელი და მერე მოგახსენებთ. ვერსიები არის. იმედია ვიპოვით,"-აცხადებს მოკლული ნანა ბერიაშვილის ბაბუა, ხვიჩა ბერიაშვილი.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბამაძემ განაცხადა, გამოძიებას უკვე აქვს გარკვეული შედეგები. 

"აქტიური საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს, იქნება კონკრეტული შედეგები უახლოეს საათებში. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები, რომელზეც ვისაუბრებთ უახლოეს საათებში," - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

დღის ამბები