აჭარაში, საარჩევნო პროცესი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის, უკვე დაწერილია რამდენიმე საჩივარი და ის საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა. კონკრეტულად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ხელვაჩაურის სოფელ განთიადში, ერთ-ერთ საარჩევნო უბნიდან კომისიის თავმჯდომარე გავიდა, მან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პირადად გადასცა ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებმაც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.
გარდა ამისა, ქობულეთში, ერთი უბანი ვერ გაიხსნა, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ბიულეტენში ერთ-ერთი კანდიდატის ნომერი წაშლილი იყო. შესაბამისად, აღნიშნულ უბანში ხმის მიცემის პროცესი, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არ დაწყებულა.
ასევე, ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოქალაქეების მობილიზება შეინიშნება, რომელთაც სიები ჰქონდათ. ისინი, ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.
„ჩემი მეგობრების და დაქალების სიებია, რაში გაინტერესებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ბათუმში, 143 ათას 12 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სულ 103 საარჩევნო უბანია გახსნილი. ასევე, არის ერთ სპეცუბანი ნომერ მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულება.