18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
ოპოზიციაში ახალაქალაქის ინციდენტს აფასებენ და პოლიტიკურ რევანშზე ამახვილებენ ყურადრებას

უმრავლესობაში ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ძალოვანებს, საკუთარი მოვალეობის ობიექტურად შესრულებისკენ მოუწოდებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელ პარტიას ეკუთვნის კანონდამრღვევი - ის უნდა დაისაჯოს.

"უნდა გაირკვეს ვინ ვის დაესხა თავს, ესეც არ არის ცალსახად, ყოველ შემთხვევაში ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია ვთქვა. დანარჩენი ჩვეულებრივად დემოკრატიული პროცესია, თუ ვინმემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად შესაბამის პასუხისგებაში უნდა მიეცეს,"-აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე. 

ოპოზიცია კი პოლიტიკურ რევანშზე ამახვილებს ყურადღებას და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ძალადობაზე მიზანმიმართულად გადადის. "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ისინი საერთაშორისო დონეზე მოახდენენ კოლეგების ინფორმირებას ახალქალაქის ინციდენტის შესახებ. 

"პრობლემა იყო წინა ძალადობრივი ინციდენტების, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, არგამოძიება. გვახსოვს კორცხელის ინციდენტი, როცა მოძალადეებს, ანუ სპორტსმენებს, მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს. როცა ხდება ძალადობა, დამნაშავეს არ სჯის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,"-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი. 

გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ "რესპუბლიკურ პარტიაშიც," თუმცა პარტიის პოლიტიკური მდივანს,  თამარ კორძაიას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

"ჩვენ ჯერ არ გვინახავს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხვევაში და ძალადობის შემთხვევაში რომელიმე საქმე, ობიექტურად გამოეძიებინოს ხელისუფლებას,"-აცხადებს თამარ კორძაია.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი კი მომხდარის პოლიტიკური შეფასებისას წინასწარ დაგეგმილ ქმედებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ასეთი ინციდენტები შემთხვევით არ ხდება. გამოძიებამ გამოიძიოს, თუმცა მე არ მჯერა ამ გამოძიების, მაგრამ ვიცი რომ მსგავს თავხედობას ვერავინ ვერ ჩაიდენს, თუ არ აქვს ზურგი გამაგრებული და თუ ეს წინასწარ არ არის მომზადებული,"-აცხადებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მისული მმართველი პარტიის 20 აქტივისტი ოპოზიციის წარმომადგენელებს გუშინ გაუსწორდა. 4 დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი ამ დრომდე ახალქალაქის, ორი კი თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს. ისინი ამტკიცებენ, რომ თავდამსხმელებს პირადად "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა ხელმძღვანელობდა.

დღის ამბები