„სასოწარკვეთილი და შეშინებული ლიდერის გამოვლა“ - ასე აფასებს საქართველოს "რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვას, სადაც მან არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ივანიშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერა სთხოვა და ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
თამარ კორძაიას თქმით, ივანიშვილმა როგორც ყოველთვის ამჯერადაც წარსულზე ისაუბრა და დიდი დრო დაუთმო ოპონენტების კრიტიკას.
„დღევანდელი მისი მოწოდება იყო სასოწარკვეთილი და შეშინებული ლიდერის გამოვლა იმიტომ, რომ ის ისევ აქცენტს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ წარსულზე, ყველაზე დიდი საშინელება სწორედ ეს არის, რომ ის ვერ ხედავს მომავალს, ის ვერ ხედავს მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან თანაცხოვრების შესაძლებლობას და წარმოუდგენელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ეს მიიღონ მისგან,“ - განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიას თქმით, ივანიშვილის დღევანდელმა გამოსვლამ ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი იზიარებს სალომე ზურაბიშვილის მიერ ორ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
„ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ხაზი და ის სიტყვები, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ორი საქართველო არსებობს, დღეს დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრია“, - განაცხადა კორძაიამ.
ექსპრემიერის ვიდეომიმართვა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა, სადაც ივანიშვილის ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვს და ამბობს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების „ქართული ოცნების“ მიმართ სამართლიანია.
6 წუთიან მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ძირითად დროს ოპონენტების კრიტიკას უთმობს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ქვეყანა "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმონ.