25 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"სასაცილო და თვალში ნაცრის შეყრა" - ლაშა თორდია ფარცხალაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე

აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალის წარდგენას "დადგმულ სპექტაკლს" უწოდებს. თორდია ვარაუდობდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს გარკვეული დროით ციხეშიც ჩასვამდნენ, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდეს.

ლაშა თორდია ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყებებს საქმის ჩაფარცხვა უნდათ.

„ვვარაუდობდი, რომ რაღაც სპექტაკლს, დადგმას ექნებოდა ადგილი, რაც დღეს აღსრულდა, თუმცა, გუშინ მეგონა, რომ შეთანხმებულად რაღაც დროით ციხეში ჩასვამდნენ ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა, ამაშიც კი შევცდი, აკმარეს მხოლოდ და მხოლოდ 5 ათას ლარიანი გირაო, რა თქმა უნდა, სასაცილოა უბრალოდ და თვალში ნაცრის შეყრა,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

ლაშა თორდია "ცინიკურს" უწოდებს ასევე პროკურატურის განცხადებას, რომ, თითქოს, თორდიას და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა და არა ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმიანობის გამო.

„პროკურატურის დღევანდელი განცხადებაც, რა თქმა უნდა, ცინიზმის მწვერვალი იყო, ყოფით ნიადაგზე დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, მე ათ კაცს  მივუვარდი, ვლანძღავდი თუ როგორ დაასაბუთებენ ამას, უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ყველაფერზე არიან, როგორც ვატყობ, უკვე წამსვლელები,“ - ამბობს თორდია.

ყოფილი გენერალური აუდიტორი ამბობს, რომ 5 ათასლარიანი გირაო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ორი მილიონი იშოვა გარიგებიდან, რომელსაც აუდიტის სამსახური სწავლობდა, ცინიკურია.

„გამომდინარე იმ ძალიან ბევრი სკანდალური ცემისა, რომელიც დაგროვდა ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ, აუცილებელი იყო რაღაც ფორმით რეაგირების მოხდენა ხელისუფლების მხრიდან, რომ რაღაც გააკეთეს. ეს რაღაც არის უფრო უარესი, ჩემი აზრით და ამას სჯობდა, მართლა არაფერი გაეკეთებინათ იმიტომ, რომ 5 ათასლარიანი გირაო ოთარ ფარცხალაძისთვის, რომელსაც მარტო ჩვენი გამოძიებით, რომელიც აუდიტმა გააკეთა, 2 მილიონი აქვს ნაშოვნი იმ კონკრეტული გარიგებიდან, 5 ათასლარიანი გირაო ოთარ ფარცხალაძისთვის რამენაირ ზეგავლენას მოახდენს? კითხვას ვუსვამ უბრალოდ პროკურატურას. ამ ფორმით ცდილობენ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.

დღეს სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გასულ წელს ელცენტროში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. თორდიას მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, მიაყენა.

საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა, ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს.

უფლებადამცველის ინფორმაციით,  ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები