21 დეკემბერი 2024,   20:02
ვრცლად
ჯარისკაცები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - სამხედროების აზრით, ქვეყანას მოღალატე მთავარსარდალი არ უნდა ჰყავდეს

გენერლები, კაპრალები, სერჟანტები, 2008 წლის ომის ჯარისკაცები „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდნენ. სამხედროები არ აპირებენ, ხმა არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მისცენ და სხვებსაც იგივეს მოუწოდებენ.

სამხედროების აზრით, კანდიდატი რომელიც ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს, მოღალატეა და ის მთავარსარდალი არ უნდა გახდეს.

სოციალურ ქსელში ყოველ დღე იზრდება იმ ჯარისკაცების რიცხვი, ვინც ზურაბიშვილს აკრიტიკებს და დაპირისპირების კონკრეტულ არგუმენტს ასახელებს.

მასშტაბურ კამპანიას სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრალდებებით უპასუხა და საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხედროები მას ემუქრებიან. ზურაბიშვილს ბრიფინგზე არ უპასუხია კითხვებისთვის და შესაბამისად გაურკვეველი დარჩა იმ სამხედროების ვინაობა, ვინც კანდიდატს ემუქრება. დღის ბოლო კი გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილს არა სამხედროები, არამედ სამხედროს სახელით ერთი პირი დაემუქრა, რომელის ვინაობას „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი არ ახმაურებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტობის კანდიდატის და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა სალომე ზურაბიშვილს დღეს უუფლებო პრესსპიკერი უწოდა, რომელიც მხოლოდ პარტიულ დავალებას ასრულებს და დაწერილ ტექსტს კითხულობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მმართველი პარტია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.  

დებატები სალომე ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების" განაცხადებზე დღეს ბიუროს სხდომაზეც იყო. ამჯერად მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ინტერესებს „პატრიოტთა ალიანსი“ იცავდა.

დღის ამბები