19 დეკემბერი 2024,   07:45
ვრცლად
წულუკიანი, ივანიშვილი, ზურაბიშვილი მზად არიან, პოლიტიკური ოპონენტის გასანადგურებლად, ყველაფერს ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადააყოლონ - კახიძე

„ქალბატონი წულუკიანი, ისევე როგოც ბატონი ივანიშვილი და მათი კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ და ვერ ანსხვავებენ რა არის სახელმწიფო ინტერესი და რა არის პარტიული ინტერესი. ისინი მზად არიან, პოლიტიკური ოპონენტის გასანადგურებლად, ამ ყველაფერს ყველაზე მნიშვნელოვანი - ქვეყნის ეროვნული ინტერესები გადააყოლონ,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კახიძე იუსტიციის მინისტრის იმ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

ოთარ კახიძის თქმით, ჰააგის სასამართლოში თუ ქართული მხარის წინააღმდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ტერიტორიული მთლიანობის რღვევა სამართლებრივად დაიწყება.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, არ შეიძლება ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს, პრეზიდენტი გახდეს. კახიძის განმარტებით, დაუშვებელია, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს მთავარსარდალი, რადგან გაპრეზიდენტების შემთხვევაში მისი განცხადებები საქართველოს ოფიციალური პოზიცია იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას დააზარალებს.

„თუ ჩვენ დაგვბრალდება, როგორც სახელმწიფოს, რომ სამხედრო დანაშაულები ჩავიდინეთ და ომი დავიწყეთ და რუსეთი მართალი იყო, რომ დაჩაგრული მოსახლეობა, რომელსაც ჩვენ დავესხით თავს, მაშინ გამოდის, რომ წაგებული გვაქვს ეს ომიც, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა სამართლებრივად დაწყებული იქნება. ეს ჩვენი ეროვნულ ინტერესებისთვის იქნება კატასტროფა,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები