20 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
"ოცნება" სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზების მიზნით საჯარო მოხელეებს რესტორანში უმასპინძლდება

ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზების მიზნით საჯარო მოხელეებს რესტორანში უმასპინძლდება.

დღეს საღამოს მასწავლებლები დუშეთიდან საქეიფოდ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ, წაიყვანა.

რესტორანთან იმყოფებოდა ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ტრიპოლსკი, რომელიც მასწავლებლებთან შეხვედრას უარყოფს. მისი თქმით, ის რესტორანში იმყოფებოდა იმიტომ, რომ საკვები ტრაილერის მძღოლებისთვის მიჰქონდა.

„რესტორნიდან კი არ გამოვედი, მანქანები და საჭმელი მივუტანეთ იმას. ის გადაიღეთ სჯობია, ბიოტუალეტები რომ დაუდგეს იქ და ისინი გააკეთეს. ვინ მასწავლებლებს შევხვდი?“ - ამბობს ირაკლი ტრიპოლსკი.

კურიერთან საჯარო მოხელეები უარყოფენ რესტორანში ხმების მობილიზების მიზნით შეკრებას და ამბობენ, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებიან.

კურიერთან ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დუშეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ახლა კი გლდანში ერთი-ერთი სკოლის დირექტორია, ამბობს, რომ მან მიიპატიჟა სკოლის თანამშრომლები დაბადების დღის აღსანიშნად.

„ჩემი და პოეტ ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა, მასწავლებლები არ არიან, ესენი არიან ჩემი მეგობრები, მასწავლებლები არიან, პრინციპში. ძალიან დიდი რეპრესიები გამოვიარე და არც კი მეგონა თუ ადამიანად ვივარგებდი და ფეხზე დავდგებოდი იმიტომ, რომ მე, რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორს, პედაგოგობაც კი აკრძალული მქონდა. ჩემი მეგობარია სიმონ ნოზაძე, კი ბატონო, ირაკლი ტრიპოლსკი, თამაზ მეჭიაური. მე შემიძლია, საპირისპირო ბანაკიდანაც დაგისახელოთ მეგობრები. ესენი ჩემი მეგობრები არიან, თქვენთვის დირექტორები არიან,“ - ამბობს ია თუშური.

დღის ამბები