20 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
"ეწინააღმდეგება საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს" - ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტს აკრიტიკებს  

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მოსკოვში ვიზიტის განაგრძობენ. ისინი კრემლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებიან და აფხაზეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან თანასწორ კონსულტაციებში მონაწილეობენ. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, რუსეთის სათათბიროში სიტყვით გამოსვლა რუსეთისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. 

"პატრიოტთა ალიანსის" ვიზიტის შესახებ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში. უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

„ეს ვიზიტი, ისევე როგორც სხვა ვიზიტები მოსკოვში, ეწინააღმდეგება საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს. „პატრიოტთა ალიანსი“ არის „ქართული ოცნების“ პარტნიორი ორგანიზაცია, მან პირველ ტურში არ დააყენა კანდიდატი, იმის გამო, რომ არ წაერთმია ხმების სალომე ზურაბიშვილისთვის და მეორე ტურში, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მას. ღიად პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტის შესახებ განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლების აზრებს იმეორებს.

„პატრიოტთა ალიანსი,“ რომელიც ამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, პრაქტიკულად, ერთი ერთში იმეორებს ხელისუფლების ნარატივს, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, რომ აფხაზეთი განგრენაა, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ უნდა აწარმოონ მოლაპარაკება,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, რომ მისთვის მძიმე საყურებელი იყო, როდესაც სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელი მოლაპარაკებების მაგიდასთან საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად იჯდა.

„ჩვენ ვხედავთ, თუ რა მხარდამჭერები ყავს სალომე ზურაბიშვილს, ეს ძალები, რომლებიც ზიან სეპარატისტთან ერთად, ერთ მაგიდაზე,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

 

დღის ამბები