19 დეკემბერი 2024,   04:53
ვრცლად
ცივი იარაღი, მოლოტოვის კოქტეილი, ქვები და ხელკეტები - არჩევნებამდე 5 დღით ადრე ოპოზიციაზე თავდასხმები გახშირდა

ცივი იარაღი, მოლოტოვის კოქტეილი, ქვები და ხელკეტები - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციაზე თავდასხმები გახშირდა. ბოლო 24 საათში რაჭაში, კახეთსა და გურიაში ოპოზიციის მხარდამჭერებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის დაჭრილი ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მისი ოჯახი ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. მუცელსა ზურგში ორი ჭრილობა ვაშაძის ონის შტაბის ხელმძღვანელს ორმა პირმა სახლთან მიაყენა. გაერთიანებული ოპოზიცია თავდასხმაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს.

ბურდილაძის ოჯახის წევრების განცხადებით, თავდამსხმელი ორია, თუმცა სამართალდამცველებმა მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გუშინ ერთი პირი - კახა ისაკაძე დააკავეს.

გარდა ამისა, კახეთში, სოფელ ვეჯინში მცხოვრები ”ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის ეზოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს. საწვავით სავსე სამი ქილა აალდა, თუმცა სახლის მფლობელმა ცეცხლი მანქანის კართან მალევე შეამჩნია და ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა.

ელმირა და ვალერი ბეციაშვილებმა თავდასხმის ორგანიზებაში გურჯაანის მერი დაადანაშაულეს. არჩილ ხანდამაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

კიდევ ერთი ინციდენტი გურიაში მოხდა. ოზურგეთის ცენტრში ხელისუფლების მხარდამჭერები ცდილობდნენ, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბანერის გაკვრა ჩაეშალათ. მათ ოპოზიციის წევრების ქვები დაუშინეს და დაზიანებები ხელკეტებით მიაყენეს.

უფლებადამცველები ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ.

 

დღის ამბები