04 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
"ისინი უბრალოდ ზონის კოორდინატორებივით მუშაობენ," - სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოპოვებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ერთვება

სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო კამპანიაში კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება ერთვება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, მისი თანამშრომლები რეგიონებში სწორედ პოლიტიკური აგიტაციისთვის მიავლინა. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა ძალოვანი უწყების იმ თანამშრომელთა ვინაობაც, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში არიან მივლინებულები. 

„კურიერი“ დაუკავშირდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს, თუმცა ისინი არ ადასტურებენ, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ საგანგებო რეჟიმში რეგიონებში მუშაობენ.

„მე დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ. მე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვმუშაობ, მიმართეთ ჩემს კონკრეტულ ლოკაციას და ობიექტს გეტყვიან,“-ამბობს მაიორი გიორგი სხირტლაძე.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით წინასაარჩევნოდ გორშია მივლენილი, რადგან წარმოშობით თავად გორელია, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„სხვაგან  მოხვდით, უაზრო შეკითხვებია, საიდან რა მოგაქვთ აზრზე არ ვარ,“ - ამბობს კაპიტანი კახა კაპანაძე.

ხელისუფლების ოპონენტები სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელი რეგიონებშია გამწესებული, სადაც აქტიურად აგროვებენ მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ხმებს.

„ვხედავთ, რომ ისინი უბრალოდ ზონის კოორდინატორებივით მუშაობენ გადანაწილებულები არიან ყველა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობის წარმომადგენელი სხვადასხვა რეგიონებში და აქვთ რამდენიმე მიმართულება, ეს არის შანტაჟი, ეს არის შეთავაზებები. ისინი აკოორდინირებენ არამხოლოდ „ოცნების“ რესურსს როგორც ადმინისტრაციულ ასევე პარტიულს,  არამედ შავი სამყაროს წარმომადგენლებს.

ერთი მაგალითია ყველასთვის თვალში საცემი, რომ ეს ყბადაღებული ლავას ოღლი ,მინდია გორაძე, რომელსაც აქედან პირიქით თურქეთში უშვებდნენ  სთხოვეს თურქ სამართალდამცველებს იქ დააჭერინეს და შემდეგ აქ გამოაშვებინეს, ანუ  გამოიწერეს ქურდი საარჩევნოდ ძალოვანებმა“-ამბობს გივი თარგამაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვახტანგ იაშვილი კი ამბობს, რომ მსგავსი დარღვევებით არჩევნები შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი არ ჩატარებულა.

მისი თქმით, მმართველი პარტია და ქვეყნის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ყველანაირი მეთოდის გამოყენებით ცდილობენ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიიღონ.

ინფორმაციას უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ბრალდებები უსაფუძვლო, რადგან მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს. 

„თუ სადმე რამე დადასტურდა, ყოველთვის არის შესაბამისი სტრუქტურების რეაგირება, ეს არის მოგონილი სცენარების იმისთვის, რომ დელეგიტიმაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის, რომელიც მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს,"-ამბობს ცქიტიშვილი.

დღის ამბები