21 ნოემბერი 2019,   14:30
ვრცლად
თავდასხმა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფზე - "რუსთავი 2" ნანა კაკაბაძისა და მისი თანამოაზრეებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

თავდასხმა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფზე - სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მიმართავს. გვარამია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძისა და მისი თანამოაზრეების დასჯას ითხოვს, რომლებმაც დღეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზიანებულია ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს „არა ნაციზმის“ წევრები მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან.

როგორც "კურიერის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ხელისუფლების განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობენ „კურიერის“ შეკითხვამ გააღიზიანა.

რა წყაროებით და ვისგან ფინანსდება მოძრაობა „არა ნაციზმს”?- ამ  შეკითხვებს ნანა კაკაბაძისა და ორგანიზაციის წევრების მხრიდან უმწვავესი რეაქცია და აგრესია მოჰყვა. „რუსთავი 2“ თავდასხმის ყველა მონაწილის უმკაცრეს დასჯას ითხოვს.

„რეალურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორს, დააზიანეს ჩვენი კამერა, ინვენტარი პრაქტიკულად  გამოუსადეგარია შემდგომი საქმიანობისთვის, წაგვართვეს მიკროფონი, რომელიც ფასეული ნივთია და არ არის სათამაშო.

"მოვუწოდებ პირადად, მთელი კომპანიის სახელით, საქართველოს შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, მიეცნენ პასუხისგებაში ფსევდო სამართალდამცველი ქალბატონი ნანა კაკაბაძე და ასევე ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ ამ საკითხში. მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კანონის მთელი სიმკაცრით.

"ჩვენ არ გვჭირდება მოჩვენებითი სისხლის სამართლის საქმე გირაოებით და ჯარიმებით. ყველაზე უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული, რომ არავის ამ ქვეყანაში აღარ მოუნდეს ნებისმიერი მედიის, იქნება ეს ოპოზიციური მედია, თუ სხვა, წინააღმდგე ფიზიკური ზემოქმედება და ტექნიკის დაზიანება. მოვითხოვთ კიდევ ერთხელ, მთელი კომპანიის სახელით, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, პირველ რიგში ეს არის მედიის საქმიანობის უკანონო ხელშეშლა და სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.  ეს არის ის ორი მუხლი, რაც ამ მომენტისთვის გამოკვეთილია, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ გამოძიებამ გამოავლინოს სისხლის სამართლის სხვა მუხლები,“-ამბობს ნიკა გვარამია.

ამავე თემაზე
დღის ამბები