18 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
„რა დიალოგზე უნდა იყოს ლაპარაკი, წარმოუდგენელია" - მმართველი გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ფართომასშტაბიან და მრავალპარტიულ კონსულტაციებს იწყებს.

ოპოზიცია მოლაპარაკებებში ჩართვას ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის მმართველ გუნდს სთხოვს. ამ მოთხოვნას „ქართული ოცნება“ კატეგორიულად არ იზიარებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების მოთხოვნა არაადეკვატურია, რადგან მოსახლეობის უმეტესობამ მხარი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.

„მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ უარი უთხრას „ნაციონალურ მოძრაობას“  მოთხოვნებზე, კანდიდატზე, მათ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და მიიღო ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მოსახლეობის უმრავლესობის ხმას. ეს ნიშნავს, რომ მანდატი არის უფრო ძლიერი, ვიდრე ეს იყო 2016 წლისას საპარლამენტო არჩევნების დროს,  ვიდრე უფრო მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმა. აქ არ დგას ვადამდელი არჩევნების საკითხი,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ წევრი, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და ზურაბიშვილისადმი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მილოცვას პატივი სცენ.

მმართველ გუნდში პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმაურებიან - დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მარგველაშვილს ახსენებენ, რომ ამ მიმართულებით თავად პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია და ახლა მსგავსი მოწოდებები არასწორია.

„რა დიალოგზე უნდა იყოს ლაპარაკი, წარმოუდგენელია. მე ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს, რომ ამ სისულელეებს თავი დაანებონ და საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, კარლო კოპალიანმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები