25 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
ვერ განვიხილავთ მას საქართველოს დემოკრატიის წინგადადგმულ ნაბიჯად - უცხოელი ანალიტიკოსები საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით შეერთებულ შტატებში უკმაყოფილოები არიან. სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მესამე გამოხმაურების შემდეგ, რომელშიც ტონი კიდევ უფრო გამკაცრდა და ქვეყანას პრაქტიკულად გამოსაცდელი დრო მისცეს, დარღვევებზე ცნობილი მკვლევარებიც ალაპარაკდნენ.

ნატო-ს გენერალური მდივნის და ამერიკის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შესაფერისი პოზიცია აქვს და აუცილებელია, არჩევნებზე არსებული დარღვევების სრულყოფილად გამოძიება.

„მე არ ვიცი, საფუძვლიანი იქნება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების შედეგის დაყენება, თუმცა აუცილებელია სრულყოფილი გამოძიება და საქართველოს მთავრობის საფუძვლიანი თანამშრომლობა ეუთოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რადგან თუ ქალბატონი ზურაბიშვილის ინაუგურაცია იქნება, რასაც ველოდებით, მას ჩრდილი არ გაჰყვეს. შეკითხვებმა, რომლებიც წამოიჭრა, უკვე გამოიწვია ეჭვები და თავად საქართველოს ინტერესებშია, ეს ეჭვები გააქარწყლოს,”-აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ.

დიპლომატი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიის იმ სტანდარტს, რომელიც აქამდე ჰქონდა საქართველოს დამკვიდრებული.

“მე არ ვამბობ, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო, თუმცა ვერ განვიხილავთ მას საქართველოს დემოკრატიის წინ გადადგმულ ნაბიჯად. ვიმედოვნებ, ეს ესმის საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, არჩეულ პრეზიდენტს და დგამენ ნაბიჯებს, რათა შემდეგში გამოსწორდეს.

სამწუხაროა, რომ არჩევნები არ ჩატარდა სრულად თავისუფლად და სამართლიანად და ეს ნამდვილად არის გამართულებელი ფაქტორი საქართველოს ურთიერთობებში შეერთებულ შტატებთან, ნატოსთან და ევროკავშირთან,"-ამბობს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი.

დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდიც.

„ვიმედოვნებ, რომ საქართველო იმუშავებს ეუთოსთან ყველა დარღვევის გამოსაძიებლად. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არჩევნები აქვს, რაც უფრო მეტია, ვიდრე საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი ქვეყნების მიმართ შემიძლია ვთქვა“-ამბობს დენიელ ფრიდი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მესამე გამოხმაურებაში მრავალრიცხოვან დარღვევებს გაუსვა ხაზი. ამერიკის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ თქვა, რომ მომავალი წლის დასაწყისი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის გამოცდა იქნება.

დღის ამბები