19 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
მთავრობის 18 წევრი ბიზნესსაქმიანობას ეწევა - კომპანიების საქმიანობას ოჯახის წევრების სამინისტროები აკონტროლებენ

საქართველოს მთავრობის 18 წევრი ბიზნესსაქმიანობას ეწევა - ამის შესახებ გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს  კვლევის შედეგებიდან გახდა ცნობილი.

ირკვევა, რომ მინისტრებს და მათ მოადგილეებს ოჯახის წევრებზე გადაფორმებული აქვთ კომპანიები, რომელებიც სახელმწიფო დაკვეთებზეც მუშაობენ და ფულს ბიუჯეტიდან იღებს. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპანიების საქმიანობას კი ოჯახის წევრების სამინისტროები აკონტროლებენ.

ისინი ფლობენ წილებს, იკავებენ დირექტორების თანამდებობებს ან არღვევენ კანონს ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.

საქართველო მთავრობის ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის, ოჯახის კომპანიამ მას შემდეგ, რაც ცქიტიშვილი მინისტრი გახდა, 600 ათას ლარზე მეტი დაკვეთა მიიღო. ამ თემით კურიერის დაინტერესებამ და კითხვების დასმამ მაია ცქიტიშვილის მეუღლის უკმაყოფილება გამოიწვია. ცქიტიშვილის მეუღლე, დავით ხატიაშვილი, 6 კომპანიას ფლობს. 

ინფრასტრუქტურის მინისტრის მეუღლის ოფისის გადაღება დაცვის სამსახურმა აკრძალა. ჯორჯია თრეიდი, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებიდან 700 ათას ლარზე მეტი მიიღო, მხოლოდ კურიერის გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ გაიხსნა. 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და მისი ოჯახი სამეწარმეო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები. მინისტრის მოადგილეს ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუტოვებია დირექტორის თანამდებობა Healthy Food-ში. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ხანიშვილი ასევე დირექტორის პოსტს იკავებს სარაჯიშვილი ალკოშიც.  

გიორგი ხანიშვილი, მისი მეუღლე - ანა ეკალაძე და არასრულწლოვანი შვილი წილებს 9 სხვადასხვა კომპანიაში ფლობენ. ირკვევა, რომ ბიზნესიდან მინისტრის მოადგილე პარტია ქართლ ოცნებასაც აფინანსებს.

გიორგი ხანიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის ნაღდი ფულის სახით 1 მილიონ 200 ათას დოლარს ფლობს, თანხის ნაწილი ხანიშვილის ზეპირი შეთანხმებით აქვს გასესხებული. ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონში კი წერია, რომ მთავრობის და მათი ოჯახის წევრებს ასეთი საქმიანობა აკრძალული აქვთ.

ეკონომიკის მინისტრის, ნინო ენუქიძის, მეუღლე მამუკა მენაღარიშვილი წილებს 2 კომპანიაში ფლობს - ქართველ პროფესიონალთა ლიგასა და ჰაიდროკორპში. ქმრის კომპანია ჰაიდროკორპი მინისტრის მოადგილე მეუღლის სამინისტროს დაკვეთით სახელმწიფო პროექტზე მუშაობს და მის საქმიანობასაც მეუღლე აკონტროლებს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას მეუღლე, თამარ ზამბახიძე, 50%-იან წილს ფლობს შპს მედსფეისში. კომპანიის წესდების თანახმად, მისი საქმიანობის საგანი სამედიცინო პროდუქციის რეალიზაციაა. ამ შემთხვევაშიც ცოლის კომპანიაზე სახელწმიფო კონტროლის განხორციელება ქმრის სამინისტროს ევალება.

კვლევის მიხედვით, ასვე ხშირია შემთხვევები, როცა მინისტრებს ან მათ მოადგილეებს წილის მართვის უფლება სხვა პირებზე გადაცემული არა აქვთ და საჯარო პირის სტატუსთან ერთად, წილის მფლობელებიც არიან. მაგალითად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე, შპს მეგობრობაში 20-პროცენტიანი წილის მფლობელია. 

 

დღის ამბები