19 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
საზღაური "რუსთავი 2"-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების სანაცვლოდ - მიწაზე, რომელიც მოსამართლის ძმას გადაეცა, ცათამბჯენი აშენდება

სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის ნატა ნაზღაიძეს ძმას გადასცა, მალე ცათამბჯენი აშენდება. 140 მეტრიან შენობაში განთავსდება შოპინგცენტრი, ელიტარული რეზიდენციები, ვერტიკალური ბაღები, ვერტმფრენის დასაჯდომი და პანორამული ლიფტები.

მაშინ მმართველი გუნდი ირწმუნებოდა, რომ ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწის, ჯამში 5000 კვადრატული მეტრის ღირებულება მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი იყო, რადგან მის ქვეშ მეტრო გადის და იქ არაფრის აშენება არ შეიძლებოდა. 2 წლის შემდეგ კი მერიის არქიტექტურის სამსახური ახლა იმაზე მსჯელობს, აუნთოს თუა არა მწვანე შუქი აქ ამ მშენებლობას.

არქიტექტურის სამსახურის დადებითი პასუხის შემთხვევაში კი აღმოჩნდება რომ, ნახევარ მილიონ ლარად გადაცემული, ერთი შეხედვით უსარგებლო, მიწის ფასი იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე ამას ხელისუფლება ამტკიცებდა.

მიწა ზვიად ნაზღაიძეს მას შემდეგ გადაეცა, რაც მისმა მოსამართლე დამ "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა დაასრულა და ტელეკომპანია ხელისუფლებისთვის მისაღებ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მაშინ ნაზღაიძემ სულ 1 მილიონიანი კომპენსაცია მიიღო, 500 000 ლარი ნაღდი ფულის სახით, კიდევ 500 000 ლარის სანაცვლოდ კი სწორედ ეს მიწა, რომელიც ნაზღაიძემ მალევე მის ყოფილ პარტნიორს, ზვიად ჩოხელს გადაუფორმა, ჩოხელმა კი პაატა ბეთხოშვილს.

საბურთალოზე ახალი ცათამბჯენის მშენებლობის ესკიზური განხილვა მერიამ 25 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს. თუ ყველაფერი ინვესტორის სასარგებლოდ გადაწყდა, მაშინ ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული მიწაზე გაჩნდება 28 000 კვადრატული მეტრი გასაყიდი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება უხეში გათვლებით 50 მლნ ლარს ზევით უნდა იყოს.

​ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები